28-04-2023 12:37:14 სამართალი
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II), რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება, რუსეთის ფედერაცია გაამტყუნა.
ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 129 827 500 ევროს გადახდა დააკისრა.
საუბარია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის სოფლებსა და "ბუფერულ ზონაში" მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი დანაშაულებზე. დანაშაულები მოიცავს სეპარატისტული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას, სახლების დაწვასა და გაძარცვას, დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ომის ტყვეთა წამებას, დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე წინააღმდეგობის გაწევასა და სხვა დანაშაულებზე.
სტასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამი თვის განმავლობაში რუსეთმა საქართველოს უნდა გადაუხადოს 3.25 მლნ ევროს კომპენსაცია სულ მცირე 50 ადამიანის სიკვდილისთვის სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში ან „ბუფერულ ზონებში“. ქართული მხარე 116 ასეთ შემთხვევას ასახელებდა თუმცა, მხოლოდ 50 მათგანის საქმე დაკმაყოფილდა, ვინაიდან დანარჩენი 66 მსხვერპლი „ომის აქტიურ ფაზაში“ დაიღუპა 5-დღიანი ომის განმავლობაში, რისი განხილვაც სასამართლომ თავის კომპეტანციად არ მიიჩნია.
გარდა ამისა, რუსეთს დაეკისრა 2 697 500 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა სულ ცოტა 166 დაზარალებულისთვის, 2008 წლის 10-27 აგვისტოს პერიოდში თვითნებურად დაკავებული საქართველოს მოქალაქეების მიმართ ცხინვალის ე.წ. „ემვედეს“ სარდაფებში უკანონო დაკავებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის.
ამასთან 8-17 აგვისტოს პერიოდში ცხინვალში „სამხრეთ ოსეთის“ შეარაღებული დაჯგუფებების მიერ ქართველი სამხედრო ტყვეების წამების გამო რუსეთს 640 ათასი ევროს კომპენსაცია დაეკისრა.
115 მილიონი ევროს კომპენსაცია კი შეეხება 23 ათას საქართველოს მოქალაქეს, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარ სახლებში დაბრუნება ვერ შეძლეს რუსეთის მიერ განხორცილებული ადმინისტრაციული პრაქტიკიდან გამომდინარე.
8,240,000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა მინიმუმ 412 მსხვერპლს, მოპასუხე მხარის მთავრობის შეუსრულებელი ვალდებულების გამო, ომის აქტიურ ფაზაში დაღუპული სამოქალაქო პირების საქმეების ადეკვატურად გამოუძიებლობის გამო.
სტასბურგის სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ შეტანილი სარჩელის მეორე ნაწილს შეეხება, რომელის ევროპული კონვენციის 41-ე მუხლით აღირებულ, სამართლიანი კონმპენსაციის საკითხს მოიცავს. ამ ნაწილზე სტასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საქართველოს სასარგებლოდ 2021 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია.
სასამართლომ შენიშნა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ შეწყვიტა ევროპის საბჭოს წევრობა 2022 წლის 16 მარტს, ასევე აღარაა კონვენციის მომხრე. სტრასბურგი ამბობს, რომ ეს არ ათავისუფლებს რუსეთს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებისგან ნებისმიერი ქმედების მიმართ, რომელიც შესრულდა იმ თარიღამდე, როდესაც იგი შეწყვეტდა კონვენციის მხარედ ყოფნას. სასამართლო ამბობს, რომ წინამდებარე საქმეში, ფაქტები, რომლებიც წარმოშობს ძირითად გადაწყვეტილებაში აღმოჩენილ დარღვევებს, მოხდა 2022 წლის 16 სექტემბრამდე.