
ხელისუფლება ანალიზში შეცდა?
14/11/2019 13:58:45 პოლიტიკა, თვალსაზრისი, საშინაო პოლიტიკა, ანალიზი
პარტია „ქართული ოცნების“ დაპირებამ, რომ 2020 წლის არჩევნებს ქვეყანა შერეულის ნაცვლად პროპორციული სისტემით შეხვდებოდა, ხოლო პოლარიზებული პოლიტიკური გარემო იმ დროისთვის გაჯანსაღდებოდა, ოთხ თვეში „ჩაილურის წყალი დალია”. დღეს პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებების პროექტი ჩააგდო. რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, ცვლილებებს მათგან 101-მა დაუჭირა მხარი, მათ შორის - ოპოზიციამ, წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა ქვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა. შესაბამისად, 2020 წლის არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც ისედაც პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს კიევ უფრო მეტი პოლარიზების შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის.
აქ რამდენიმე გარემოებაა საყურადღებო:
- ინიცირებულ პროექტს ხელს უმრავლესობის 92 დეპუტატი აწერდა;
- დაპირების გაცემიდან ოთხ თვეში, კენჭისყრის დღეს უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორის ისეთებმაც, რომლებიც საპარლამენტო ცხოვრების დროს არ აქტიურობდნენ, განაცხადეს, რომ პოზიცია შეიცვალეს;
- პროექტის ჩაგდების შემდეგ უმრავლესობა დატოვა "ქართული ოცნების" რვა დეპუტატმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ ცვლილებებს, ხოლო რჩებიან ისინი, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს „აუმხედრდნენ“.
რასთან გვაქვს საქმე, რა უთხრა დღეს პარლამენტმა თუ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას, როგორ აისახება ეს ქვეყნის მომავალზე და პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღების რა შანსებს ტოვებს მიღებული გადაწყვეტილება? - ამ საკითხებზე „აქცენტი“ ექსპერტებს ესაუბრა.
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძისთვის დღეს მიღებული გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა მას დეპუტატთა „ჯანყის“ არ სჯერა:

„ველოდი პროცესების გაჭიანურებას და არა ჩაგდებას. თუმცა მახსოვს, როდესაც ეს დაპირება გაიცა, მაშინვე გამოითქვა გარკვეული ეჭვები. როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, დატოვონ არსებული საარჩევნო სისტემა, რომლის პირობებშიც თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ, იბრძოლონ გამარჯვებისთვის. აქ მნიშვნელოვანია, როგორ პოზიციას დაიკავებს ოპოზიცია და როგორ წარმართავს საქმიანობას. თუ რიგგარეშე არჩევნების საკითხი დადგა, ეს ისევ ორპოლუსიან პოლიტიკურ სპექტრს შექმნის, - ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“. პროცესები ახლა დაიწყო, გარკვეული დინებები მიდის, ჩანს, რომ რაღაც დაგეგმილია, მაგრამ რა - ამის კონტურები არ ჩანს. არც ის ჩანს, რის მიღწევას ცდილობს ამ გადაწყვეტილებით „ოცნება“. თუმცა ფაქტია, რომ ქვეყანაში პოლიტიკურად არასტაბილური ვითარება უკვე მივიღეთ და რამდენად გადაიზრდება ეს არასტაბილურ საზოგადოებრივ ვითარებაში - ვნახავთ“.
ძაბირაძისგან განსხვავებით, გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილისთვის.
„ოცნების“ ლიდერი და პოლიტიკური გუნდი ისედაც არაჩვეულებრივი სისწრაფით კარგავენ საზოგადოების ნდობას. ისეთ შეცდომებს უშვებენ, თითქოს თვითმკვლელობის რეჟიმი ჰქონდეთ ჩართული და კიდევ უფრო აღრმავებენ ამ უნდობლობას. თავად შესაძლოა, ფიქრობენ, რომ ძლევამოსილნი არიან, მაგრამ რეალურად, ქვეყანაში ოპოზიციური ფონი საკმაოდ ძლიერია და ის კიდევ უფრო მომძლავრდება. ამდენად, მათ ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს. დღეს უკვე დაიდო ფორმულა, რომ ამ ადამიანების, ყოველ შემთხვევაში, მათი ლიდერის ნდობა გულუბრყვილობაა. ამ ვითარების გათვალისწინებით, შეიძლება, გავთვალოთ, რა მოხდება: ეს ვითარება იქნება ერთ-ერთი ცენტრალური მოტივი უახლოესი თვეების განმავლობაში - არჩევნებამდე“.
ფირალიშვილი ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი ნდობას კარგავს ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების თვალშიც და უჭირს იმ „ეროზიის” მასშტაბების წარმოდგენა, რომელსაც, მისი შეფასებით, „ქართულ ოცნება“ განიცდის:
„ამ ყველაფერს თვალს ადევნებენ საერთაშორისო პარტნიორებიც. მათაც კარგად ეცოდინებათ, როგორ შეიძლება ურთიერთობა ამ ხელისუფლებასთან და რამდენად სანდოა “ოცნების” განცხადება, რომ ისინი “ყველაფერს აკეთებენ” ანაკლიის პორტის ასაშენებლად. სიმართლისაგან შორს არ ვიქნები, თუ განვაცხადებ, რომ ეს მეგაპროექტი, რომელზეც ბევრად არის დამოკიდებული ჩვენი მომავალი, მიზანდასახულად მიჰყავთ ჩაფლავებისკენ. ეს პროექტი ასევე მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის“.
მიუხედავად იმისა, რომ შერეული სისტემის პირობებში ხელისუფლების შენარჩუნების კუთხით მმართველ გუნდში ოპტიმისტურად არიან განწყობილები, ფილოსოფოსი თვლის, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია:
„ამ ერთი წლის განმავლობაში რა შეიძლება, მოხდეს, - არავინ იცის, რადგან შეცდომები გროვდება. ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ისევ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ისაუბრებენ და პროტესტის გრძნობას გაფანტავენ, მაგრამ მოთმინების რა რესურსი დარჩა რიგით ქართველს, - ეს ამ თვეების განმავლობაში გამოჩნდება. ქართველები 12 წლის განმავლობაში უთმენდნენ შევარდნაძეს, მიუხედავად კორუფციისა და ა.შ., მაგრამ მას რაღაც პოზიტიური ელემენტის შენარჩუნება შეეძლო: იყო გაზსადენი, ნავთობსადენი, სხვადასხვა მეგაპროექტები, ნატოს-თან დაახლოება, სახელმწიფომ რაღაც კონტურები მიიღო და ხალხი ითმენდა შევარდნაძეს. რაღაც მომენტში ქართველი კაცი იგრძნობს, რომ მან ყველა ზღვარს გადააბიჯა და მისგან მოტანილი სიკეთე ბოროტებაზე მცირეა“.
პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას "ქართული ოცნების" ლოგიკის არ ესმის, თუმცა ვარაუდობს, რომ მმართველი პარტია ანალიზში შეცდა.
„საზოგადოება შესაძლოა, არ აქტიურობდა ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში, მაგრამ მხარს უჭერს პროპორციულ სისტემას. დაპირებაც გაიცა და ახლა ამის უკან წაღება დენთის კასრის შენთებას ჰგავს. მე ვერ ვხვდები „ქართული ოცნების“ ლოგიკას, რადგან ეს ძალიან სახიფათო თამაშია. მეორეს მხრივ, ყველა სცენარი, რომელიც შეიძლება, დაიდოს, გარდა რევოლუციურისა, ივანიშვილს მეტ-ნაკლებად აწყობს. იგივე ვადამდელი არჩევნები შერეული სისტემით ხელისუფლების ინტერესებში შედის: ადმინისტრაციული რესურსით მმართველი პარტია უკეთეს პირობებშია. რაც შეეხება რევოლუციურ სცენარს, ეს თავად საზოგადოებას არ აწყობს: დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული მომავლისთვის მაინცდამაინც კარგი არ არის, რომ რევოლუციებით იცვლებოდეს ხელისუფლება. არსებული გარემო პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების შანსებს არ ტოვებს. მომავალ არჩევნებზე, - იქნება ეს 2020 წელს თუ ვადამდელი, პოლარიზაციის დონე გაიზრდება, ხოლო ამან შესაძლოა, სამოქალაქო კონფრონტაციამდე მიგვიყვანოს. არ მგონია, ეს ვინმეს ინტერესებში იყოს, მით უფრო ხელისუფლების, რომელმაც დაპირება გასცა. მან უნდა იცოდეს, რომ საზოგადოების მოტყუება უკან ბუმერანგივით დაუბრუნდება. ბოლო კრიზისის დროს ისინი ბეწვზე გადარჩნენ და ვინაიდან აქციები სექტემბერში შეწყდა, როგორც ჩანს, შეგულიანდნენ, ჩათვალეს, რომ ამ საკითხის მიმართ საზოგადოება მგრძნობიარე არაა. ვფიქრობ, ისინი ამ ანალიზში შეცდნენ და ამას ალბათ, ვიხილავთ კიდეც".
პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ არსებული ვითარება ფრაგმენტირებულ ოპოზიციას, მიუხედავად განსხვავებული ხედვებისა, კონსოლიდაციის შანსს აძლევს:
„ბოლო ორი დღის განმავლობაში ვხედავთ, რომ ხდეაბა ოპოზიციის კონსოლიდაცია, რასაც, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ არ ელოდა. ჩვენი გამოცდილებით, თუ ოპოზიცია ერთის წინააღმდეგ საზოგადოებასთან გაერთიანდა, იმარჯვებს. ამის მაგალითები გვაქვს შევარდნაძისა და სააკაშვილის შემთხვევებში. მგონი, ხელისუფლება აღწევს იმას, რომ მიიღებს ერთიან ოპოზიციურ ფრონტს".
ამასთან, კაკაჩიას შეფასებით, მმართველმა გუნდმა დიპლომატებიც მოატყუა:
„რამდენიმე ელჩმა გააკეთა განცხადება, რომ ცვლილებების ჩაგდება პოლარიზაციას გაზრდის. ისინი ფიქრობდნენ, რომ ცვლილებები განხორციელდებოდა. ხელისუფლებისადმი ნდობა ისეა შერყეული როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე, რომ რომც გაიმარჯვოს შემდეგ არჩევნებში, მნიშვნელოვანი პრობლემები ექნება ლეგიტიმაციის თვალსაზრისით ქვეყნის შიგნითაც და საერთაშორისო ასპარეზზეც. შედეგად კი მუდმივ რყევებს მივიღებთ: ხელისუფლება, რომელსაც ლეგიტიმაცია აკლია, ვერ იღებს გადაწყვეტილებებს; რეფორმებზე საუბარი ზედმეტია; ჯამში კი ფუნქციას ვერ ასრულებს“.
ამ კონტექსტში პოლიტოლოგი რეგიონში არსებულ ვითარებაზეც ამახვილებს ყურადღებას:
„გადავხედოთ ჩვენს გეოპოლიტიკურ კონიუნქტურას: თურქეთში, სირიაში, - ყველგან არასტაბილურობაა. ამ პირობებში პატარა ქვეყანა საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე უნდა ზრუნავდეს. არასტაბილურობა და შეუთანხმებლობა ხელს უწყობს გარე ძალებს, რომლებიც აქამდეც ცდილობდნენ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას. ეს ვითარება კიდევ უფრო მოწყვლადად გაქცევს. არ არის გამორიცხული მათი გააქტიურება და ამ მღვრიე წყალში საკუთარი ინტერესების გატარების მცდელობა“.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021