Accentnews.ge
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

28/04/2023 10:16:34 პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დღეს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ზბიგნევ რაუს შეხვდნენ.

როგორც პოლონელი მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, ევროპერსპექტივებსა და რეგიონში არსებულ ვითარებას.

შეხვედრის შემდეგ „ლელოს” წევრმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ "ოპოზიციის მთავარი გზავნილი იყო, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა გაიზარდოს, რათა, დარჩენილ დროში გადადგას ნაბიჯები, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს პოლონეთს და სხვა მეგობრებს, მხარი დაუჭირონ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას”.

"სამწუხაროდ, ანომალიურ ვითარებაში ვართ. ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის მომავალს, მაგრამ ჰყავს ოპოზიცია, რომელიც საკუთარი მდგომარეობიდან გამომდინარე (არც რეფორმების გატარება შეგვიძლია და არც უმრავლესობა გვაქვს), ვაკეთებ იმას, რაც შეიძლება გაკეთდეს, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი არ დაკარგოს“, -აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "პოლონეთს გადაწყვეტილი აქვს, რომ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში".

"პოლონეთის სახით ქართველ ხალხს და საქართველოს ჰყავს და ეყოლება ძალიან სერიოზული მხარდამჭერი. პოლონეთს ძალიან კარგად ესმის ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ვითარება - ერთი მხრივ ის, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამჟღავნებს სერიოზულ სწრაფვას ევროპისკენ და ამასობაში, მთავრობის ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, რიტორიკა, ანტიდასავლური პროპაგანდა არ არის შესაბამისობაში ამ ყველაფერთან. პოლონეთის ჩართულობა ამ პროცესში სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ჩართულობა გულისხმობს როგორც 12 პუნქტის შესრულების საკითხში, ახლო კონსულტაციებს მთავრობასთან და შესაბამის პირებთანაც, ასევე სხვა საკითხებს, რომლებიც არის მოსაგვარებელი და მტკივნეული, იქნება ეს გვარამიას, ყოფილი პრეზიდენტის თუ ზოგადად დემოკრატიის თემა, რადგან 12 პუნქტის შესრულებისას თუ ახალი უბედურებები ჩაიდინა ხელისუფლებამ მაგალითად, „რუსული აგენტების“ კანონი, „რუსული კანონი“, საგამოძიებო კომისია - ეს არის წინააღმდეგ ევროპული სულისკვეთების. პოლონეთის პოზიცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ვიზიტები არ იქნება ერთჯერადი, იქნება უფრო აქტიური“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ "კანდიდატის სტატუსი უკვე ხდება ინსტრუმენტი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ მაქსიმალურად შეეცადონ და აიძულონ ხელისუფლება წავიდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ, მართლმსაჯულების რეფორმისკენ, პოლიტიკური პატიმრების გამოშვებისკენ".

როგორც მან აღნიშნა, პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ასევე საუბარი შეეხო "ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის საკითხებს".

პოლონელი დიპლომატი საქართველოს გუშინ ეწვია. ოპოზიციის გარდა, მან შეხვედრები უკვე გამართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S