ხატია დეკანოიძე – ძალიან მძიმეა, როცა PACE-ს რეზოლუციას უკრაინის თაობაზე საქართველოს სახელით არავინ უჭერს მხარს
28/04/2023 14:07:21 პოლიტიკა
პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ძალიან მძიმეა, როცა PACE-ს რეზოლუციას უკრაინის თაობაზე საქართველოს სახელით არავინ უჭერს მხარს.
როგორც მან აღნიშნა, "ქართული ოცნების" აღნიშნული საქციელი არ უკვირს, "რადგან მმართველი პარტიის წარმომადგენლებს უკრაინასთან მიმართებაში არც ერთი საკითხის განხილვაში არ მიუღიათ მონაწილეობა".
"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი მხარს არ უჭერენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ვმონაწილეობდი PACE–ს ყველა სესიაში როგორც პარტიის, როგორც საქართველოს წარმომადგენელი. წინა სესიაზე ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული რეზოლუცია, რომელსაც მხარი დავუჭირეთ. ოპოზიცია იყო ერთადერთი, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას. ამ რეზოლუციაში პირდაპირ ხაზგასმულია უკრაინელი ხალხის გენოციდი. დოკუმენტის მომზადებაში ძალიან აქტიურად არის ჩაბმული უკრაინის პირველი ლედი. ძალიან მძიმეა, როცა PACE–ს რეზოლუციას საქართველოს სახელით არავინ უჭერს მხარს, არ მიკვირს "ქართული ოცნებისგან" იმიტომ, რომ უკრაინასთან მიმართებაში არც ერთი საკითხის განხილვაშიც კი არ მიუღიათ მონაწილეობა", – განაცხადა დეკანოიძემ.
მისი თქმით, სტრასბურგში ქართული დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს საკითხზე მომუშავე ახალ მომხსენებლებთან შეხვედრა იყო:
"ერთადერთი რაც გაირკვა უმრავლესობის მხრიდან, დელეგაციის ჩასვლის ძირითადი მიზანი იყო საქართველოს საკითხზე მომუშავე ახალ მომხსენებლებთან შეხვედრა. ცოტა ხნის წინ მომხსენებლებმა ძალიან კრიტიკული შეფასებები დაწერეს, რომელშიც ხაზგასმული იყო 12 პრიორიტეტის შესრულება, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის საკითხი, ასევე დემოკრატიის მიმართულებით ძალიან სეროზული პრობლემები და როგორც ჩანს, მხოლოდ ამ ადამიანებთან სასაუბროდ ჩავიდნენ".
ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ქართულ დელეგაციაში "ოცნების" წევრები და „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი იყვნენ. მისი თქმით, მმართველი პარტია ცდილობს, უმრავლესობის წევრებისგან დაკომპლექტებული "ხალხის ძალა" ფრაქციად გადააქციოს.
დეკანოიძემ იმედი გამოთქვა, რომ შემდეგ სესიაზე ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი.
რაც შეეხება კიევს რეაქციას ქართული დელეგაციის კენჭისყრაში არმონაწილეობაზე, დეკანოიძე აღნიშნავს, რომ "უკრაინისთვის ძალიან მტკივნეულია, როცა საქართველოს მმართველი პარტია არ იღებს მონაწილეობას ასეთ საკითხებში".
- ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის კენჭისყრის შედეგების მიხედვით, საქართველოს დელეგაციის წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დელეგაციაში იყვნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ირაკლი ჩიქოვანი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ხატია წილოსანი და გივი მიქანაძე და „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი.
"ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რატომ არ მიიღო საქართველოს დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა, რომლის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია გენოციდთანაა გათანაბრებული.
როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი, „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი გივი მიქანაძე აცხადებს, სტრასბურგიდან უკვე გამოფრენილები იყვნენ, როდესაც რეზოლუცია კენჭისყრაზე გავიდა.
„ეს არის სპეკულაცია, რომელიც აიწია რადიკალური ოპოზიციის მხრიდან და თქვენ ხელს უწყობთ ამას. დღის წესრიგში ეს საკითხები შედის ბოლო მომენტში, ამიტომ ჩვენ უკვე გამომგზავრებულები ვიყავით… ჩვენ აქედან როცა მივდიოდით, რამდენიმე კვირით ადრე ბილეთები ნაყიდი იყო იმიტომ, რომ ჩვენ გაწერილი გვქონდა კონკრეტული დღის წესრიგი. ყველა რეზოლუციაზე გვაქვს ხმა მიცემული, გამონაკლისი ამაზე არ არსებობს. შესაბამისად, კონკრეტული საქმეებიდან და შეხვედრებიდან გამომდინარე, ეს ვიზიტი დასრულდა გუშინწინ და გამოვემგზავრეთ. დღეს დილით მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გვქონდა, გვაქვს კომიტეტი და ასე შემდეგ. ეს არის მანიპულაცია, რადგან ჩვენ უკრაინასთან დაკავშირებით ყველა საკითხს შეერთებული ვართ. მანიპულაციურ განცხადებებს მორჩით!“, - მიმართა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესდნენ რატომ არ იღებდა მონაწილეობას ქართული მხარე კენჭისყრაში.
უკრაინელი დეპუტატის ოლექსი გონჩარენკოს შეფასებით, "საქართველოს მმართველმა პარტიამ თავისი ხალხის ოცნებებს პუტინის ოცნება არჩია".
მისი განცხადებით, "PACE-ში მმართველი პარტიის არცერთმა წარმომადგენელმა არ მისცა ხმა პუტინისა და ლუკაშენკოს დაგმობას"
„დროა, მსოფლიომ გაიღვიძოს და დაინახოს ვის ემსახურებიან ისინი. ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დროა”, - წერს უკრაინელი დეპუტატი.


