Accentnews.ge
"ეს პუტინის ბოლო ომია": როგორ გაანადგურა რუსეთის ლიდერმა ერთ წელში ჯარი, რომელიც ოცი წელი აშენა

"ეს პუტინის ბოლო ომია": როგორ გაანადგურა რუსეთის ლიდერმა ერთ წელში ჯარი, რომელიც ოცი წელი აშენა

28/04/2023 15:08:10 ანალიზი

უკრაინაში ჯარის შეყვანისას რუსეთის ხელმძღვანელობამ დაარღვია საკუთარი დოქტრინის ყველა ის წესი, რომელიც აღწერს, როგორ უნდა იწყებოდეს ომი. ეს რუსული ჯარის ფაქტობრივი განადგურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია და კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ პუტინი შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევას არ ელოდა. ცოცხალი ძალისა და ტექნიკის კატასტროფული დანაკარგები ცხადყოფს, რომ რუსეთს სულ მცირე, ათწლეული დასჭირდება არმიის ბრძოლისუნარიან მდგომარეობაში მოსაყვანად, ესეც - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას უცხოურ კომპონენტებსა და ტექნოლოგიებზე წვდომა აღუდგება, - წერს "The Moscow Times", რომელიც 1980-იანი წლებიდან რუსული არმიის მკვლევარისა და რამდენიმე წიგნის ავტორის - მარკ გალეოტის მიერ "Business Insider"-ისთვის მიცემულ ინტერვიუს ეყრდნობა.

ამ მიზეზით, მკვლევარის აზრით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შფოთვა ფუჭია, რადგან უახლოეს წლებში რუსეთს ფიზიკურად ვერ შეეძლება, კიდევ სადმე იომოს.

დოქტრინის საწინააღმდეგოდ

"პირველი სამხედრო კამპანიიდან (ჩეჩნეთის მეორე ომიდან) მოყოლებული, პუტინი, რომელიც ბრძოლის ველზე ახალ-ახალ ნაკლოვანებებს ამჩნევდა, მუდმივად ცდილობდა შეიარაღებული ძალების გაუმჯობესებას. რეფორმები (როგორც შეიარაღების სფეროში, ისე არმიის ორგანიზების კუთხით) საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგაც ტარდებოდა, ყირიმის 2014 წლის ანექსიის შემდეგაც", - აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის "სამხედრო კვლევების გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლონდონის სლავური და აღმოსავლეთევროპული კვლევების საუნივერსიტეტო კოლეჯის საპატიო პროფესორი გალეოტი. - "პუტინი სამხედრო სტრუქტურას ფაქტობრივად, 22 წლის განმავლობაში აშენებდა, მერე კი [უკრაინაში შეჭრის შედეგად] იგი ფაქტობრივად გაანადგურა".

მკველავრის განმარტებით, ომი 40-მილიონიან ქვეყანაში - ეს "საკმაოდ სერიოზული კონფლიქტია, როგორც მინიმუმ, რეგიონული ომი და რუსეთის სამხედრო დოქტრინის თანახმად, მის დაწყებას ხანგრძლივი მოსამზადებელი ეტაპი უნდა უძღოდეს წინ:

"აუცილებელია დეტალურად სტრუქტურირებული გეგმის მომზადება, მკაფიო სასარდლო-სამეთაურო ვერტიკალის ჩამოყალიბება, ყველაფრის - მეომრების, ტექნიკისა და საბრძოლო მასალის შეგროვება. მსგავსი კამპანიის მომზადებაზე მრავალი თვე მიდის, ომი კი უნდა იწყებოდეს სარაკეტო-საარტილერიო შეტევით, რათა ჯერ კიდევ მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე შესვლამდე იქ წინააღმდეგობის ძირითადი კერები განადგურდეს. უნდა არსებობდეს მკაცრი სასარდლო-სამეთაურო ვერტიკალი და მკაფიო ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა იქნას მოგებული ომი. მაგრამ ამ შემთხვევაში არ იყო არაფერი - არც ერთიანი სარდლობა, არც გრძელვადიანი დაგეგმვა, არც აუცილებელი მომარაგება...".

"რუსული ქვედანაყოფები უკრაინაში ერთდროულად სამი მხრიდან შეიჭრნენ, მაგრამ დასავლური სპეცსამსახურები 2022 წლის შემოდგომამდე ვერ არკვევდნენ, ვინ ედგა სათავეში უკრაინულ კამპანიას და ჰყავდა თუ არა მას საერთოდ სარდალი, უკრაინული სპეცსამსახურები კი, აშშ-ის მიერ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გაფრთხილების მიუხედავად, ბოლო წამამდე ვერ იჯერებდნენ, რომ ესოდენ მოუმზადებელი რუსული ჯარი ომს დაიწყებდა. 2022 წლის თებერვლის შუა რიცხვებში უკრაინელი მზვერავები რუსეთის ტერიტორიაზე თვალს ადევნებდნენ გზაზე გაჭედილი ტანკებისა და ჯავშანმანქანების კოლონებს - მძიმე ტექნიკას მცირე რაზმების დაცვის თანხლებით, თუმცა მექანიკოსებისა და თავად ტანკისტების გარეშე, ასევე ჯარისკაცებს, რომლებიც საწვავსა და სხვა მარაგს ალკოჰოლში ცვლიდნენ" - წერდა იმხანად "The Washington Post" ამერიკულ და უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით.

"არავითარი რეალური კონცეფცია იმისა, რა ომი იქნებოდა ეს, არ ჰქონდათ, რადგან პუტინი ომს საერთოდ არ ელოდა: როგორც ჩანს, მას გულწრფელად სჯეროდა, რომ უკრაინელი ხალხი არ დაიწყებდა "არშემდგარი სახელმწიფოს" დაცვას და უკრაინა პირველივე დარტყმის შემდეგ ჩამოიშლებოდა" - ამბობს პროფესორი გალეოტი.

მორყეული ძლევამოსილება

როგორც ვხედავთ, ეს არ მოხდა. და უკრაინაში რუსეთის დანაკარგები კატასტროფული აღმოჩნდა: ამასწინათ პენტაგონიდან გაჟონილი საიდუმლო მასალების თანახმად, მიმდინარე წლის მარტის დასაწყისისთვის რუსეთს 189 500-დან 223 000-მდე ადამიანი ჰყავდა დაკარგული, საბრძოლო მოქედებებისას დაღუპული 43 000 მებრძოლის ჩათვლით. ეს კი მეტია შეჭრისთვის მომზადებული მთელი დაჯგუფების რიცხოვნობაზე.

და მეტიც, რუსული არმია ელიტური ნაწილების გარეშე დარჩა: სპეცრაზმელთა რიგ ცალკეულ ბრიგანებში დანაკარგი 90-95%-ს აღწევს.

სამხედრო ტექნიკის კუთხით დანაკარგებმა 10 038 ერთეული შეადგინა, მათ შორის - 1900-ზე მეტი ტანკი, 830 ჯავშანტრანსპორტიორი და თითქმის 2300 ჯავშანმანქანა. ეს ყველაფერი გახლავთ Oryx-ის მონაცემები, რომელიც მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებულ შემთხვევებს ითვალისწინებს.

მიუხედავად ამისა, უკრაინის ევროპელი მხარდამჭერები - ბალტიისპირეთის ქვეყნები, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები, ამასწინათ ნატო-ში გაწევრიანებული ფინეთიც შიშობენ, პუტინის რეჟიმმა სამხედრო მოქმედებები მათზეც არ განავრცოს.

პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები ორშაბათს ჟურნალ "Foreign Affairs"-ში წერდნენ:

"ჩვენი გაფრთხილება სერიოზულად უნდა იქნას აღქმული: თუ უკრაინა დაეცა, შემდეგი ცენტრალური ევროპა შეიძლება, გახდეს. უკრაინაში რუსეთის მარცხი კი მკაფიო სიგნალი იქნება იმისა, რომ ჩვენს რეგიონში გაყინული კონფლიქტებისა და დაუსრულებელი ომების ადგილი არ არის".

უკრაინასთან კონფლიქტის გაყინვა რუსეთს მისი შეიარაღებული ძალების გადაჯგუფებისა და აღდგენის შესაძლებლობას მისცემს, თანაც ისე, რომ მან პარალელურად პოლიტიკური ომის წარმოება და საკუთარი იმპერიალისტური იდეოლოგიის გავრცელება განაგრძოს, - თვლიან ევროპელი პრემიერ-მინისტრები.

თუმცა პროფესორი გალეოტი დარწმუნებულია, რომ რუსეთის სამხედრო ძლიერება უკვე მეტისმეტადაა მორყეული და პუტინმა რუსეთის სამხედრო სტრუქტურები "დიდწილად მოსპო".

"ომი ხვალაც რომ დასრულდეს, რუსეთს ათწლეულები დასჭირდება საკუთარი არმიის თუნდაც იმ მდგომარეობამდე აღსადგენად, რომელშიც ის გასული წლის იავარში იმყოფებოდა. ამასაც კი რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამისათვის აუცილებელ თანხებს მოიძიებს და წვდომას აღიდგენს კომპიუტერულ ჩიპებსა თუ სხვა ყველაფერ აუცილებელთან, რაც ძალზე საეჭვო პერსპექტივად მიმაჩნია" - დასძენს პროფესორი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S