Accentnews.ge
რა თქვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში – ძირითადი აქცენტები

რა თქვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში – ძირითადი აქცენტები

28/04/2023 15:44:12 პოლიტიკა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საკუთარი სიტყვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზების ძალისხმევის და მათთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ხაზგასმით დაიწყო. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ პირველი შეხვედრა მან სწორედ სამოქალაქო საზოგადოებასთან გამართა.

„მინდოდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა, რადგან საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს სერიოზული, მომთხოვნი ორგანიზაციები და ეს ისაა, რასაც ჩვენ ვიზიარებთ – საფრანგეთი და საქართველო. რეკომენდაციაა, რომ ყველა დემოკრატიაში, უნდა იმუშაოთ ერთად, მოუსმინოთ ერთმანეთს, რათა წინ წავიწიოთ. დემოკრატიულ საზოგადოებაში ინკლუზიური მუშაობაა საჭირო სამოქალაქო ორგანიზაციებთან. ეს ყოველთვის პლუსია“,– აღნიშნა ფრანგმა დიპლომატმა.

ამასთან, მან ახსენა რთული საერთაშორისო კონტექსტი და გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ:

„ჩამოვედი, რომ უპირველესად, მხარდაჭერის მესიჯი გადმოგცეთ. [...]კონტექსტი რეგიონში რთული და კომპლექსურია და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაძაბულია იმ აგრესიიდან გამომდინარე, რომელსაც რუსეთი უკრაინაში აწარმოებს

ჩვენ გვსურს, რუსეთმა დაასრულოს ომი, საერთაშორისო ნორმების დარღვევა, რომელიც 14 თვეა, მიმდინარეობს. ეს საქართველომ ძალიან კარგად იცის, რადგანაც, ის ახლაც იხდის იმ პოლიტიკის ფასს, რომელიც რა თქმა უნდა, არ დაწყებულა 2022 წლის 24 თებერვალს – საქართველოში დაიწყო 2008 წელს. საქართველოს შეუძლია, საფრანგეთის სოლიდარობის იმედი ჰქონდეს. მე ამის შესახებ ბევრჯერ მითქვამს. ჩვენ ახლობლობის ტრადიცია გვაქვს“.

შემდეგ მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე, აღნიშნა ქართველი ხალხის ნება, ახსენა მარტში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციები და ხაზი გაუსვა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების აუცილებლობას:

„რა თქმა უნდა, განვიხილეთ (ჩვენ ყოველთვის ამაზე ვსაუბრობთ, როდესაც ვხვდებით ერთმანეთს და ჩვენ ხშირად ვხვდებით) საქართველოს კანდიდატის სტატუსის საკითხი ევროკავშირის წევრობაზე. ხალხისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია: როდესაც ჩამოვედი, ვნახე, რომ ძალიან დიდი რაოდენობით იყო ევროპული დროშები თბილისში, ვიცი რომ გაზაფხულზე პროევროპული მანიფესტაციები გაიმართა და ქართველების 85% ემხრობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს არის ციფრი, რომელიც გვაძლევს მომავლის ხედვას – საქართველო ერთიანია ამ საკითხთან დაკავშირებით და ივნისში [გასულ წელს საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო] აღიარებულ იქნა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. ჩვენ გვსურს, რომ ეს კონკრეტული გახდეს. ეს კომპლექსური პროცესია, რომელიც უკვე დაიწყო. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა. ჩვენ საქართველოსთან ერთად ვართ იმისთვის, რომ დავეხმაროთ მას ამ გზაზე. აუცილებელია პროგრესი, წინსვლა, რომ მოვიპოვოთ სტატუსი. ამისთვის 12 პრიორიტეტის შესრულებაა საჭირო: რეფორმები, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფლებას, ინსტიტუციების დაცვას გავლენებისგან, წარმომადგენლები, რომლებიც უზრუნველყოფენ პლურალიზმს, სიტყვის თავისუფლებას, რომლებიც კონსოლიდირებას აკეთებენ სამართლებრივ სახელმწიფოს, მხოლოდ ამის შედეგად მოახდენს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან ეს ევროპული ღირებულებებია. ქართველმა ხალხმა ბევრჯერ აჩვენა თავისი მიჯაჭვულობა ევროკავშირთან, თქვენთან ერთად ვართ, დაგეხმაროთ ამ გზაზე. მინისტრმა წინსვლაზე მომაწოდა ინფორმაცია, ცხადია, სხვებიც იქნება საჭირო. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, პროცესები დავაჩქაროთ“.

ჟურნალისტმა მინისტრს შეახსენა, რომ საფრანგეთი მუდმივად ითვლებოდა „სკეპტიკოს“ ქვეყნად“ და დაინტერესდა, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო კონტექსტი შეიცვალა, შეიცვალა თუ არა საფრანგეთის დამოკიდებულებაც და უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს შემოდგომაზე ოფიციალური პარიზის მხარდაჭერის იმედი, როდესაც კანდიდატის სტატუსის საკითხზე შედგება მსჯელობა.

„ცხადია, ბევრი რამ შეიცვალა პარადოქსულად. რუსეთის აგრესიამ საქართველოში, უკრაინაში დადებითი გავლენა ჰქონდა იმ სურვილზე, რომელიც ევროკავშირს აქვს.[...] 85%–იანი მხარდაჭერა გვიჩენს სურვილს, დაგეხმაროთ, რომ გახდეთ ევროპელები. ეს ევროპული ოცნება რეალობა უნდა გახდეს და ამისთვის უნდა დავეყრდნოთ ყველა იმ ძალას, რომელიც ქვეყანაში გვაქვს“,– უპასუხა მინისტრმა.

გარდა ამისა, მინისტრმა ისაუბრა ორმხრივ ურთიერთობებზე, მას მდიდარი უწოდა და თქვა, რომ მისი გამრავალფეროვნება შესაძლებელია მათ შორის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წყლის, განათლების მიმართულებით.

„მზად ვართ, მეტი გავაკეთოთ. [...] ვიცით, რომ საქართველოს ცენტრალური ადგილი უჭირავს ევროპასა და აზიას შორის, აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი და მხოლოდ განვითარებას მოითხოვს. ბედნიერები ვართ, როდესაც საქართველო პროგრესისკენ მიდის, ავითარებს პროექტებს პარტნიორებთან ერთად და ბედნიერები ვიქნებით, თუ ამ პარტნიორებიც რიცხვში ვიქნებით“.

ამასთან, აღნიშნა, რომ საფრანგეთს აქვს „ამბიცია,საქართველოში ახალი საელჩო ააშენოს. ეს ძალიან კარგი სიმბოლო იქნება“.

ის შეეხო აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტს და თქვა: „რეგიონული სიტუაცია ეხება საქართველოსაც. მინდა, მოვუწოდო საქართველოს, გააგრძელოს ძალისხმევა, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დაბრუნებაში. ეს ყველას ინტერესია. ხალხს სურს მშვიდობა“.

სიტყვის დასასრულს მინისტრმა აღნიშნა, „მადლობა ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ, იმისთვის, რასაც აკეთებთ და გააკეთებთ მომავალში. წადით კიდევ უფრო წინ. ჩვენ თქვენი გამარჯვება, წარმატება გვსურს და თქვენს გვერდში ვიქნებით ამ საქმეში“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S