საქართველოს ევროპული ოცნება რეალობა უნდა გახდეს – კოლონა
28/04/2023 17:22:39 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან კატრინ კოლონასთან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და საფრანგეთის მხარდაჭერის საკითხი განიხილა,– იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
პრეზიდენტი მნიშვნელოვნად აფასებს საქართველოსათვის ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია.
ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობა ურყევად უჭერს მხარს ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციას და სწორედ ამის დამადასტურებელი ფაქტი უწოდა 7-8 მარტის აქციებს.
პრეზიდენტის განცხადებით, დღეს საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში იმყოფება და ამ მომენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ასევე გეოპოლიტიკური კონტექსტიც - საქართველო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ მიიღებს, ეს რთულად გასაგები და კონტრპროდუქტიული გზავნილი იქნება.
„შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოების საკითხს და ამ მიმართულებით შავი ზღვის უსაფრთხოებას. საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალი სატრანზიტო - ენერგეტიკული კავშირების განვითარებაში“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრეზიდენტის განცხადებით, თუ საკითხს ისტორიული პერსპექტივით შევხედავთ, ის რაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო, დღეს უკვე რეალობაა და ევროპა უკვე წარმოდგენილია რეგიონის ქვეყნებში.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერა.
მინისტრის განცხადებით, სასიამოვნოა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სიღრმისეულად პროევროპული ორიენტაციისაა და თბილისის ქუჩებში ვხედავთ ევროკავშირის დროშებს.
„საქართველოს ევროპული ოცნება უნდა გახდეს რეალობა!“ - აღნიშნა კოლონამ.


