რატომ გეგმავს ''ევროპის სოციალისტური პარტია" „ოცნებასთან“ პარტნიორობის საკითხის გადახედვას
29/04/2023 09:45:31 პოლიტიკა
"ევროპის სოციალისტური პარტია" (PES), რომლის დამკვირვებელი წევრიც „ქართული ოცნებაა“, საქართველოს მმართველ პარტიასთან პარტნიორობის საკითხის გადახედვას ივნისში გეგმავს.
„ქართული ოცნების“ შესახებ PES-ის ლიდერებმა გუშინ იმსჯელეს.
"ევროპის სოციალისტური პარტიაში" აცხადებენ, რომ "PES ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებითა და მისი ქმედებებით, რომელიც გეგმავს, დაესწროს უნგრეთში მომავალი კვირისთვის დაგეგმილ კონსერვატორთა ფორუმს (CPAC) და დაიცვას კონსერვატიული ღირებულებები და გაიზიაროს პოზიციები ვიქტორ ორბანთან ერთად".
„თუ PES-ის დამკვირვებელი წევრი პარტიიდან პრემიერ-მინისტრს სურს ღირებულებების გაზიარება ვიქტორ ორბანთან და ამერიკელ კონსერვატიულ კონფერენციასთან, მაშინ ჩვენ ოფიციალურად უნდა ვიმსჯელოთ ამ პარტიის სტატუსზე“, – განაცხადა PES-ის აღმასრულებელმა გენერალურმა მდივანმა ჯაკომო ფილიბეკმა.
ამასთან, "ევროპის სოციალისტური პარტიის" ცნობით, „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი წევრის სტატუსის საკითხი PES-ის პრეზიდენტმა სტეფან ლოფვენმა ჯერ კიდევ მარტში დააყენა.


