"ვივამედის” კლინიკური დირექტორი – მიხეილ სააკაშვილმა მესამე მკურნალ ექიმზეც უარი განაცხადა
29/04/2023 13:50:08 პოლიტიკა
„ვივამედის” კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მესამე მკურნალ ექიმზეც უარი განაცხადა.
როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, "დღითიდღე სულ უფრო რთული ხდება პაციენტთან მუშაობა ექიმების მხრიდან, რადგან ექიმებს ზოგადად უწევთ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მუშაობ":
„საკმარისია, რომ ექიმმა, ეს იქნება მკურნალი ექიმი თუ მორიგე, გააკეთოს რაიმე ობიექტური განცხადება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომ მაშინვე მიუღებელი ხდება პაციენტისთვის და ის გამოხატავს უკმაყოფილებას და წყვეტს ამ ექიმთან ურთიერთობას. ეს არის უკვე მესამე შემთხვევა, მესამე ექიმი, რომელზეც პაციენტი აცხადებს უარს“.
მისი თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით, მისი კლინიკური მიმდინარეობის კუთხით, ამ დღეებში არაფერი შეცვლილა.
„რაც შეეხება მდგომარეობის კრიტიკულობას, მინდა გითხრათ, რომ კრიტიკული პაციენტები ექიმს არ ირჩევენ. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კლინიკური მიმდინარეობა ნამდვილად არ შეცვლილა და ორი დღეა, “ვივამედის” თანამშრომლებს ამის მტკიცება გვიწევს. დიახ, პირღებინება ნამდვილად ჰქონდა. ეს კვების რაციონის უხეში დარღვევით იყო გამოწვეული. კლინიკურად ახსნადია, თუ რა იყო პირღებინების მიზეზი. მე ქალბატონ გიულის დღესაც ვესაუბრე და ვთხოვე, რომ ის საკვები მოეტანა, რაც კვების პრობლემების პროვოცირებას არ გამოიწვევს”, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.


