კალაძე “უცნობის” აქციის მონაწილეებს მადლობას უხდის
01/05/2023 08:58:49 პოლიტიკა
თბილისის მერი კახა კალაძე გიორგი გაჩეჩილაძის, იგივე “უცნობის” გუშინდელ აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ იქ “მშვიდობისა და ქვეყნის წარმატების მოსურნე” ადამიანები იყვნენ მისული, რისთვისაც მადლობას უხდის. ამის შესახებ მის განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
“აქციას ჰყავდა თავისი ორგანიზატორები, ძალიან ბევრი ადამიანი იყო გამოსული. ვისთვისაც მშვიდობა მნიშვნელოვანია, ვისთვისაც სამშობლო არის უპირველეს ყოვლისა. მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც გამსჭვალულია პატრიოტიზმით, ვისაც უხარია ჩვენი ქვეყნის წარმატება, ეკონომიკური განვითარება. მშვიდობა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ გადავხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრია შემოტევა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოხდეს“, – განაცხადა მან.
30 აპრილს თბილისის ცენტრში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართა - აქცია დაიგეგმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გია გაჩეჩილაძის გადაცემა „უცნობის კიდობანში“. იდეა მსახიობ ზაზა პაპუაშვილს ეკუთვნოდა. ამ გადაცემაში ხშირად ისმის მოსაზრებები, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს ხელყოფს. გაჩეჩილაძე და მისი სტუმრები ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოში კონსტიტუციით გამყარებულ მიზანს - ევროკავშირსა და ნატო–ში გაწევრიანებას.


