ბექა ლილუაშვილი - ნეიტრალიტეტზე საუბარი ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილია
01/05/2023 09:19:14 პოლიტიკა
პარტია „საქართველოსთვის” წევრი ბექა ლილუაშვილი გუშნ თბილისში "უცნობის" მიერ გამართულ აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ნეიტრალიტეტზე საუბარი ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილია.
„რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, რომ რეგიონული კონტექსტი გესმოდეს და ამავდროულად, ნეიტრალიტეტზე საუბრობდე. ამ რეგიონში ნეიტრალიტეტმა არცერთ ქვეყანას არაფერი კარგი არ მოუტანა. პირიქით, ეს ყოველთვის რუსეთთან მიმართებით საგარეო პოლიტიკური მოწყვლადობის წყარო იყო. ვისაც უსაფრთხოების პოლიტიკაზე რაიმე წარმოდგენა აქვს, ნეიტრალიტეტზე არ ისაუბრებს. ეს, ცალსახად, ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილია. თუ ხელისუფლება ამ ნარატივს გაიმეორებს, ეს პირდაპირ კონსტიტუციის უგულებელყოფა იქნება. კონსტიტუციურად ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი პირდაპირ განსაზღვრულია. ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რათა ქვეყანა ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი გახდეს და რუსეთთან მარტო არ დარჩეს”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
30 აპრილს თბილისის ცენტრში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართა - აქცია დაიგეგმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გია გაჩეჩილაძის გადაცემა „უცნობის კიდობანში“. იდეა მსახიობ ზაზა პაპუაშვილს ეკუთვნოდა. ამ გადაცემაში ხშირად ისმის მოსაზრებები, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს ხელყოფს. გაჩეჩილაძე და მისი სტუმრები ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოში კონსტიტუციით გამყარებულ მიზანს - ევროკავშირსა და ნატო–ში გაწევრიანებას.


