Accentnews.ge
ჰერჩინსკი – სტატუსის შესახებ: „ყველაფერი ქართული პოლიტიკური ელიტების ხელშია“

ჰერჩინსკი – სტატუსის შესახებ: „ყველაფერი ქართული პოლიტიკური ელიტების ხელშია“

01/05/2023 09:47:16 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებიტ აცხადებს, რომ „ყველაფერი ქართული პოლიტიკური ელიტების ხელშია“.

იგი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო რეფორმების შესრულების მხრივ სათანადო პროგრესს მიაღწევს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრმა 27-მა სახელმწიფომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების ნაბიჯების გადადგმა განაგრძოს.

"გვინდა გაფართოება, გვინდა მივცეთ სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, შესაძლებლობა, ამ ოჯახს შემოუერთდნენ. საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა იყოს ევროკავშირის ნაწილი. რა გადაწყვეტილების მიღებაც არ უნდა მოხდეს საქართველოს მხრიდან, ქართული პოლიტიკური ელიტის მხრიდან, ქართველი მოსახლეობის მხრიდან, ჩვენ პატივს ვცემთ მას. ვიცი, რომ ევროინტეგრაციასა და ევროკავშირში გაწევრიანებას ახლა მხარს უჭერს ქართველების 89%. ეს ნამდვილად ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია…ჩვენ, ევროკავშირი, აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ დავეხმაროთ, მხარი დავუჭიროთ და უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს მთავრობას ყველა საჭირო მხარდაჭერა აქვს იმისთვის, რომ განახორციელოს ეს მიზანი, მაგრამ ეს სამუშაო ქართველების შესასრულებელია…ეს არის პროცესი, რომლის გავლაც ყველა ქვეყანას მოუწია, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურდა, მაგრამ ყველაფერი ქართული პოლიტიკური ელიტების ხელშია და იმედი მაქვს, საკმარისი პროგრესის მიღწევა მოხდება რეფორმების კუთხით“, – განაცხადა ელჩმა.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, 12 პუნქტიდან ამ ეტაპზე სრულად შესრულებულია ერთი პირობა, დიდწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ კი – ოთხი, ხოლო შესასრულებელია ევროკავშირის ხუთი პირობა.

2022 წლის 17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ, საქართველოს კი – მხოლოდ ევროპული პერსპექტივა.

ამასთან, სამივე ქვეყანას განუსაზღვრა პირობები შესასრულებლად. ევროკავშირის თანახმად, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს მას შემდეგ, რაც ევროკომისიის განსაზღვრულ 12 რეკომენდაციას შეასრულებს. პროცედურულად, კანდიდატის სტატუსს, ქვეყნის მიერ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, მოსდევს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება.

ევროკავშირი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს გაფართოების პაკეტის ფარგლებში, მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეაფასებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S