რა უნდა ვიცოდეთ ცხვირის წვეთების შესახებ – როდის ხდება საშიში მათი გამოყენება

01-05-2023 14:32:06 ეს საინტერესოა

ცხვირის გაჭედვის მიზეზი ცხვირის ქსოვილების გაღიზიანება ან ანთებაა, რომელიც სხვადასხვა, მათ შორის – ვირუსული ან ალერგიული გამაღიზიანებლით შეიძლება იყოს გამოწვეული. ცხვირით სუნთქვის გართულებით გამოწვეული დისკომფორტის მოსახსნელად ადამიანები ხშირად მიმართავენ წვეთებს, რაც შვებას ჰგვრით, სასუნთქ გზებს ათავისუფლებს, მაგრამ როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ამ შემთხვევაშიც არსებითი მნიშვნელობა აქვს დოზირებას – გრძელვადიანი მოხმარება წარმოშობს ძლიერ დამოკიდებულებას, მისგან გათავისუფლება კი არც თუ მცირე ძალისხმევას მოითხოვს.

„ყველას გვყავს მეგობრები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ცხვირის წვეთებზე – საწოლთან, ჯიბეში, ჩანთაში, მანქანაში – ყველგან აქვთ მომარაგებული სხვადასხვა საშუალებები... პაციენტების მომართვიანობა ძალიან ხშირია. როგორც წესი, როდესაც ცხვრით სუნთქვის გაძნელებით მოგვმართავენ პაციენტები, უკვე დამოკიდებულნი არიან ცხვირის წვეთებზე“,– ამბობს ოტორინოლარინგოლოგი ნინო ჯანგავაძე.

საქმე იმაშია, რომ ცხვირის წვეთები, როგორც წესი, მოქმედებს ადგილობრივად, ცხვირის ლორწოვანას სისხლძარღვებზე. ეს სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალებებია – ათავისუფლებს ცხვირის ღრუს, ჰაერი მიეწოდება ღსდგება და პაციენტი იღებს სასურველ შედეგს. ხანგრძლივად გამოყენების შედეგად კი მან შეიძლება, სხვა სისხლძარღვებზეც იმოქმედოს:

„როდესაც ვიყენებთ ხანგრძლივად, სისხლძარღვთა შევიწროება არა მხოლოდ ცხვირის ღრუში ხდება, არამედ ააქტიურებს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემას, რომელიც შინაგან ორგანოებზეც აგებს პასუხს. თავის ტვინსაც არ მიეწოდება სისხლი – ანუ იქაც ვიწროვდება სისხლძარღვები. ამაზე ტვინიც რეაგირებს და იწევს წნევის მატებას“.

გარდა ამისა, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, საშიშია ანევრიზმის არსებობის დროსაც. კერძოდ, ამ შემთხვევაში პირდაპირი უკუჩვენება არ არსებობს, მაგრამ ანევრიზმა არის ბუშტუკი, რომელსაც აქვს უთხელესი კედელი და როდესაც წნევის მატება იწყება, შესაძლოა, მოხდეს მისი გასკდომა.

  • როგორც სპეციალისტები გვირჩევენ, თუ მაგალითად, გაცივდით და არ მივმართავთ ექიმს, უნდა გვესმოდეს, რომ სამ დღეზე მეტი დროის განმავლობაში ცხვირის გამხსელი საშუალებების გამოყენება არაა დაშვებული.
  • თუ მოხმარება შვიდ დღეს აჭარბებს, ითვლება, რომ უკვე მასზე დამოკიდებულები ვართ (ხშირ შემთხვევაში, ეს დამოკიდებულება ფსიქოლოგიურია).
  • დროთა განმავლობაში მან შესაძლოა, სასურველი შედეგი აღარც მოგვცეს და მეტიც, თვითნებობით ვზრდით რისკს, გავირთულოთ მდგომარეობა:

„თუ სახეზეა ძგიდის გამრუდება, თანდართული ნიჟარების ჰიპერტროფია, ცხვირის წვეთებით ნიჟარებს ვავიწროებთ, გზას ვაძლევთ, რომ ჰაერმა იმოძრაოს, გვგონია, რომ ეს საკმარისია, რამდენიმე საათი ვსუნთქავთ, მაგრამ ეს დროებითი ეფექტია. დროთა განმავლობაში ლორწოვანაც ეჩვევა ამას, ვითარდება ანთება ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის და ცხვირის გამხსნელი წვეთებიც აღარ გვშველის. როგორც წესი, სწორედ ამ დროს მოდიან პაციენტები“.

სპეციალისტები აღნიშნავენ, არსებობს გარკვეული დაავადებები, რომლის მიმდინარეობის დროსაც შესაძლოა, ორ კვირიანი კურსის დანიშვნა, თუმცა ამ დროს ექიმი ითვალისწინებს მიზანს და საშუალებასაც, ამიტომ, თვითნებურად მსგავსი კურსის განსაზღვრა დაუშვებელია.

რაც შეეხება დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას, სპეციალისტები თვლიან, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია ამ შედეგზე გასვლა: ვაიძულოთ თავი, შევწყვიტოთ მოხმარება მინიმუმ სამი დღის განმავლობაში. ხოლო თუ დამოკიდებულება ძლიერია და საკუთარი ძალებით ვერ ვახერხებთ მასთან გამკლავებას, უნდა მივმართოთ ექიმს. ამ დროს, როგორც წესი, ინიშნება მკურნალობის ერთთვიანი კურსი შესაბამისი პრეპარატების ჩართულობით, ან შესაძლოა, საჭირო გახდეს ოპერაციული გზის გამოყენებაც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები