Accentnews.ge
საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა პლენარულ სხდომაზე კენჭსაყრელ საკითხებში აღარ ჩასვას

საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა პლენარულ სხდომაზე კენჭსაყრელ საკითხებში აღარ ჩასვას

01/05/2023 11:44:53 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა პლენარულ სხდომაზე კენჭსაყრელ საკითხებში აღარ ჩასვას. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„ამ საქმემ დააბრკოლა კენჭისყრები. როგორც იცით, პლენარული სხდომის დღის წესრიგს ადგენს საქართველოს პარლამენტის ბიურო და შემდეგ ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. შემოთავაზებულ დღის წესრიგის პროექტში ეს კენჭისყრა არ არის ჩასმული. ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ როდესაც ამ პროექტს გავივლით და ასეთი სახით შეგვიძლია, შევთავაზოთ პლენარულ სხდომას დასამტკიცებლად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილის „ლელოს“ წევრმა დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა მიმართა, დაეზუსტებინა „კონკრეტულად რის საფუძველზე, კონსტიტუციის თუ რეგლამენტის რომელი მუხლის და პუნქტის საფუძველზე აპირებს პარლამენტის ბიურო და უმრავლესობა, ამოიღოს კენჭისყრიდან პარლამენტის მიერ განხილული, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამჯერ რეგისტრაციაზე დაყენებული კენჭის საყრელ საკითხებში შეტანილი კონკრეტული საკითხი“.

პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ "ეს დღის წესრიგიდან კონკრეტული საკითხის ამოღებას არ ნიშნავს, რადგან პარლამენტის ბიურო პლენარული სხდომების დღის წესრიგს ყოველ ჯერზე ხელახლა ადგენს".

მან ოპოზიციას მიმართა, რომ "თუ საკითხის დღის წესრიგში შეტანა სურთ, შესაბამისი მოთხოვნა ბიუროსა და პარლამენტის სხდომაზე დააყენონ და მასზე პარლამენტი იმსჯელებს".

“ჩვენ, პარლამენტის ბიურო სასესიო კვირის დღის წესრიგს ვადგენთ, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. შეგახსენებთ, რომ მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი პარლამენტის სხდომების დღის წესრიგში რამდენჯერმე არ შეგვქონდა და წინა კვირას შევიტანეთ. არ არსებობს არანაირი დღის წესრიგი, რომლიდანაც რაიმეს ამოღება ხდება. დღის წესრიგის შედგენა ყოველ ჯერზე ხდება, სადაც გამომდინარე იქიდან, თუ როგორ განიხილავს ბიურო, საკითხები დღის წესრიგში შეაქვს. თუ პარლამენტის წევრთა ჯგუფი დღის წესრიგს არ ეთანხმება ან ფიქრობს, რომ საკითხი დასამატებელია პლენარულ სხდომაზე, შეგიძლიათ, საკითხის შეტანის საკითხი დააყენოთ. ამაზე ბიურო და პლენარული სხდომა იმსჯელებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.

ცნობისთვის: პარლამენტში მოსამართლეთა საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიციას სურს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ "მოსამართლეებისადმი სოლიდარობის" ნიშნად პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის გავლაზე სამჯერ თქვა უარი. შედეგად სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კვორუმი ვერ შედგა.

კომისიის შექმნაზე დადგენილების კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო რეგისტრაცია გაევლო დეპუტატების ნახევარზე მეტს (მინიმუმ 76 ადამიანს), რაც შეუძლებელი იყო საპარლამენტო უმრავლესობის გარეშე.

საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მინიმუმ 50 ხმა იყო საჭირო, რაც, სხდომის გახსნის შემთხვევაში, ოპოზიციას ჰქონდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S