
რა გზებს ტოვებს პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელსაც მღელვარება მოჰყვა - კონსტიტუციონალისტის განმარტება
14/11/2019 18:04:05 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობის შემდეგ, რომ ქვეყანა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული საარჩევნო სისტემით შეხვდებოდა, ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს, თუმცა პროპორციული სისტემით. მათივე მოთხოვნის თანახმად, არჩევნებს დროებითი მთავრობა ჩაატარებს და არა მოქმედი ხელისუფლება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ გეგმის ირგვლივ სრულიად ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდა და როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, მიზნის მისაღწევად ყველა გზას მიმართავენ, რადიკალურსაც კი.
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე „აქცენტთან“ საუბრისას განმარტავს, რომ მოცემულ რეალობაში რიგგარეშე არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება შეუძლებელია. ამისთვის ნებისმიერ შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო. მოქმედი კონსტიტუციით კი ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე მხოლოდ 2024 წელს გადადის.
მიუხედავად მღელვარებისა და პარტიული დანაკარგისა, „ქართულ ოცნებაში“ პროცესის განმეორებით წარმართვას როგორც ჩანს, ამ ეტაპზე დიდი ენთუზიაზმით არ ეკიდებიან. კერძოდ, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით საკითხის განმეორებით განხილვა მისთვის წარმოუდგენელია.
„ამ საკითხის შემობრუნება ჩემთვის წარმოუდგენელია. თუ გვინდა, რომ გუნდი ბოლომდე დავშალოთ და გავხლიჩოთ, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს. არსებულ მოცემულობაში ეს არის წარმოუდგენელი. ჩვენი დღის წესრიგი არის მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – აღნიშნა კობახიძემ. მოგეხსენებათ, პარლამენტში დღეს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ „ქართული ოცნება“ დატოვა რვა დეპუტატმა და არის მოლოდინი პროცესის გაგრძელების თაობაზე.
რაც შეეხება სამართლებრივ გზას, როგორც მენაბდე განმარტავს, ეს შესაძლებელია და ამისთვის საჭიროა, თუნდაც იგივე პროექტი, რომელიც დღეს პარლამენტმა ჩააგდო, ხელმეორედ დააინიციროს პარლამენტში 76-მა დეპუტატმა. ამის შემდეგ უნდა შედგეს საერთო სახალხო განხილვები, პარლამენტმა სამი მოსმენით დაუჭიროს ცვლილებების პროექტს მხარი და ამისთვის საჭიროა 113 დეპუტატის მხარდაჭერა.
„ამას დასჭირდება სამი თვე“,- ამბობს კონსტიტუციონალისტი.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილი საზოგადოება ამბობს, რომ მიზნის მიღწევამდე არ დაიშლება. აქციაზე იმყოფებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები - პოეტები, მწერლები, მომღერლები, მსახიობები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები. აქციაზე მივიდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. მისი თქმით, არ სურს პოლიტიკაში მოსვლა, თუმცა ვითარება დრამატულია.
აქციაზე სამოქმედო გეგმაც წარადგინეს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.