Accentnews.ge
„აქცია წარსულში“: რა იყო ნიშანდობლივი 30 აპრილის შეკრებაზე

„აქცია წარსულში“: რა იყო ნიშანდობლივი 30 აპრილის შეკრებაზე

01/05/2023 15:25:35 კომენტარი

ეს იყო აქცია წარსულში,– ამგვარი განცდა დარჩა პოლიტოლოგს, ხანგრძლივი პოლიტიკური მეხსიერების მქონე და მრავალი აქციის მონაწილე ვახტანგ ძაბირაძეს 30 აპრილის შეკრებაზე დაკვირვების შედეგად. საუბარია მკვეთრად ანტიდასავლურ აქციაზე „მოვდივარ“, რომელიც არა მიტინგებისთვის ტრადიციულ ადგილზე – რუსთაველის გამზირზე, არამედ რესპუბლიკის მოედანზე ჩატარდა.

პოლიტოლოგისთვის არც ღონისძიების ადგილის შერჩევა იყო შემთხვევითი.

„თუ გახსოვთ, არცთუ დიდი ხნის წინ ჩატარებულა მსგავსი აქციები, მაგრამ მაშინ ორგანიზატორი იყო „პატრიოტთა ალიანსი“. იყო ხალხმრავლობაც, მაგრამ ეს საარჩევნო ხმებში არ ასახულა, რადგან ამ აქციებს ორგანიზებას რეალურად, ხელისუფლება უწევდა. დღესაც დაახლოებით იგივე სურათი გვაქვს: თუნდაც შემადგენლობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებამ გასწია დახმარება. მაგრამ როგორც ჩანს, ხალხის რაოდენობა ისეთი არ იყო, როგორის მოლოდინიც ჰქონდათ, ამიტომაც აქცია ჩატარდა რესპუბლიკის მოედანზე და არა რუსთაველზე, სადაც ამ 30 წლის განმავლობაში ტრადიციულად ტარდება მსგავსი ღონისძიებები. სხვათა შორის, ესეც ტრადიციული მომენტია: როდესაც იცი, რომ აქციაზე შესაძლოა, არ მოვიდეს დიდი რაოდენობის ხალხი, სჯობს, რესპუბლიკის მოედანზე ჩაატარო და უფრო შთამბეჭდავად წარმოჩინდეს, ვიდრე ცენტრალურ გამზირზე“,– უზიარებს „აქცენტს“ საკუთარ დაკვირვებას პოლიტოლოგი.

რა იყო ნიშანდობლივი

პირველი, რაც მისთვის ანტიდასავლურ აქციაზე თვალშისაცემი აღმოჩნდა, ახალგაზრდების სიმწირე იყო:

„აქციის მონაწილეთა აბსოლუტურ უმრავლესობას საშუალო და უფროსი ასაკის ადამიანები წარმოადგენდნენ. შეიძლება, ითქვას, რომ ეს იყო აქცია წარსულში: მოგვწონს თუ არა, ბუნების კანონზომიერებაა, რომ ჩვენ უკვე წარმავალი თაობა ვართ და გვანაცვლებენ ახალგაზრდები. როდესაც უმთავრესად ამ ასაკის ხალხია აქციაზე, ეს ნიშნავს, რომ მასზე გაჟღერებულ მკვეთრად ანტიდასავლურ მოთხოვნებს ახალგაზრდობა არ იზიარებს და შესაბამისად, ამ მოთხოვნებს არ აქვთ პერსპექტივა. ახალგაზრდებს რა განწყობა აქვთ და რას იზიარებენ - ეს კარგად ჩანდა მარტის აქციებზე [მარტის დასაწყისში გამართული მასშტაბური აქციები „უცხოეთის აგენტების შესახებ" ანტიკონსტიტუციური, ანტიევროპული კანონის წინააღმდეგ], რომლებზეც ისინი ქუჩაში გულწრფელი პროტესტის გრძნობით გავიდნენ".

როცა აქციას ხელისუფლება აწყობს

უპერსპექტივოდ მიაჩნია ვახტანგ ძაბირაძეს მსგავსი აქტივობები ხელისუფლების მიერ მართულობის ფაქტორის გათვალისწინებითაც:

"2012 წელს მასშტაბური აქცია გამართა „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ – 60 თუ 80-ათასიანი სტადიონი იყო გადაჭედილი და რა? – მალევე მოუწიათ არჩევნებში მარცხის აღიარება! ხელისუფლების მიერ ორგანიზებული აქცია რეალურად, არაა აქცია, ის არ ასახავს რეალობას: ხელისუფლებას ყოველთვის შეუძლია იმაზე მეტი ადამიანის შეკრება, ვიდრე ოპოზიციას, მაგრამ ეს შემდეგ არც ხალხის განწყობებზე აისახება, არც არჩევნებზე... ყველა ხელისუფალი, როდესაც უჭირს, მაინც ამ გზას მიმართავს ან საკუთარი, ან სხვისი სახელით, თუმცა მსგავსი ნაბიჯები უშედეგოა. მე ისიც მახსოვს, რომ ხელისუფლებამ გაფიცვა გამოაცხადა... ჩვენში პოლიტიკური ინტელექტი, სამწუხაროდ, არცთუ მაღალია და იმიტომაც ვართ ასეთ მდგომარეობაში".

ან სიყალბე, ან წარმოუდგენელი სიბეცე

პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ 30 აპრილის აქციაზე მონაწილეთა ნაწილი გულწრფელი პროტესტით იყო გასული, მათ შორის - ყველაზე მსხვილი ოპოზიციური გაერთიანება ენმ–ის წინააღმდეგ და აღნიშნავს, რომ არც თავად დაუჭერდა მხარს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას, თუმცა თვლის, რომ ენმ-ისადმი პროტესტის ნიშნად "ქართული ოცნების" მანკიერი პოლიტიკის მხარდაჭერა და ამასთანავე ქვეყნის დასავლურ განვითარებაზე უარის თქმა ან პოლიტიკური სიბეცეა, ან სიყალბე:

„30 აპრილის მიტინგზე მართლაც გამოვიდნენ ანტი–„ნაცური“ განწყობების მქონე ადამიანებიც და ეს კარგად მესმის, მაგრამ როცა ამბობ, რომ „ვერ იტან ენმ–ს" და ამ დროს მხარს უჭერ "ოცნების" ხელისუფლებას, რომელმაც სწორედ ის სასამართლო სისტემა გადმოიტანა თავისი მოსამართლეებიანად და ამჯერად თავად კარნახობს მათ, ან პოლიტიკურად წარმოუდგენლად ბეცი ხარ, ან გულწრფელი არ ხარ, მათ შორის - შენს ტკივილში!".

ქართული საზოგადოების ანტიდასავლურად წარმოჩენის ფუჭი მცდელობები

  • ან ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი რა სიახლეა?! როგორ შეიძლება საქართველოში ამ თემაზე საუბარი, თუ ოდნავ მაინც გესმის, რა გარემოში ცხოვრობ, მით უფრო დღეს, როდესაც მსოფლიოში დიფერენცირება და პოლარიზება მიდის ძალების! აქ ხომ მართლა იმაზე არაა საუბარი, ჩაერთვები თუ არა ომში, ამას არც არავინ ითხოვს და არც ვინმეს სურს, მაგრამ პოზიცია მკაფიოდ ხომ უნდა გამოხატო, სად ხარ?!
  • რეალურად, აქციაზე ანტიდასავლური განწყობა ხომ მხოლოდ ანტიდასავლური არ იყო – ეს პრორუსული განწყობაა, მაგრამ ამის ღიად თქვას დღესაც ვერ ბედავენ, იმდენად დისკრედიტირებულია ქვეყანაში ეს პოზიცია და იმდენად ძლიერია ანტირუსული განწყობები. შესაბამისად, იწყება შემოვლითი გზებით საუბარი, „ჩვენ თვითონ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებაო“. ამაში ხელს არავინ უშლით, მაგრამ როდესაც გყოფნის თავხედობა და დასავლეთს ასწავლი დემოკრატიას, არ ვიცი, ეს რა საზომში ჯდება!
  • ჩვენი უცნაურობა იმაშია, რომ როდესაც მსგავსი განწყობების მქონე ადამიანებს ჰკითხავთ, პარიზში ურჩევნიათ წასვლა თუ მოსკოვში, 90% (თუ მეტი არა) პარიზს დაგისახელებთ. თავად იქ უნდათ, ჩვენს მოსახლეობას კი თავს ახვევენ, თითქოს იქ ცუდია. იგივე ჩვენი ხელისუფლების უმრავლესობას, იქნება ეს მკურნალობა, განათლება შვილებისთვის და ა.შ. დასავლეთში სურთ, თავად სურთ იმ სიკეთეებით სარგებლობა, ჩვენ კი თავს გვახვევენ, რომ თურმე რუსეთია „კარგი“.

ძაბირაძე ასკვნის, რომ აქციას რეალურად, ორი მიზანი ჰქონდა, თუმცა ვერცერთი ვერ იქნა მიღწეული:

  • საზოგადოებისთვის დემონსტრირება, თითქოს ხალხი მასშტაბურად უჭერს მხარს ხელისუფლების ბოლოდროინდელ მკვეთრად ანტიდასავლურ გზავნილებს, თითქოს პოპულარულია მსგავსი შეხედულებები და თავად სწორედ რომ საზოგადოების აზრს გამოხატავს.
  • იმავეს ჩვენება პარტნიორებისთვის, რომლებიც ხშირად აქცენტირებენ ქართული საზოგადოების სურვილებზე.

„რეალურად, ყველა გამოკითხვით, საზოგადოების 80% დასავლური ორიენტაციისაა, ხოლო დანარჩენი 20% მერყეობს და ესეც გულწრფელი არაა, რადგან არც ერთი არჩევნების შედეგი ამ 20%–ს არ აჩვენებს – მკვეთრად პრორუსულად განწყობილ ძალებს მხოლოდ 3–4%–იანი მხარდაჭერა აქვთ ამ ქვეყანაში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S