Accentnews.ge
ნაცვლიშვილი – "ოცნებას" – რა გიშლით ხელს, რომ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის გენოციდად აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღოთ? ახლაც ბილეთებია პრობლემა?

ნაცვლიშვილი – "ოცნებას" – რა გიშლით ხელს, რომ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის გენოციდად აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღოთ? ახლაც ბილეთებია პრობლემა?

02/05/2023 12:30:42 პოლიტიკა

„ლელოს“ წევრი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს, უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის გენოციდად აღიარების შესახებ რეზოლუცია დააინიციროს.

ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს კითხვა დაუსვა, რა უშლით ხელს, აღნიშნული რეზოლუცია საქართველოს პარლამენტშიც მიიღონ მაშინ, როდესაც ევროსაბჭოს იგივე შინაარსის რეზოლუციას მხარი ვერ დაუჭირეს.

„შეიძლება, ვინმემ დაიჯეროს, ვინმემ - არა, რომ მხოლოდ ბილეთების პრობლემა იყო. კარგი, იქ ვერ დაესწარით სესიას, რომ მხარი დაგეჭირათ ამ რეზოლუციისთვის, რა გიშლით ხელს, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღოს იმავე შინაარსის რეზოლუცია? ახლაც ბილეთებია პრობლემა? სად გეჩქარებათ? შეგახსენებთ, რომ ამ საკითხზე „ლელოს“ წელიწადზე მეტია დაინიცირებული გვაქვს რეზოლუცია იმავე შინაარსით. კარგი, „ლელოს“ კომპლექსი გაქვთ და ჩვენი რეზოლუცია არ მოგწონთ, მაშინ თქვენ დაწერეთ. დაფიქსირდეს ისტორიაში, რომ საქართველოს პარლამენტი, ქართველი ხალხის სახელით, ასევე არქმევს თავის სახელს აგრესორს და ახლა უკვე გენოციდის ჩამდენს. ვეღარ მოიმიზეზებთ ბილეთებს და ფრენის განრიგს“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე მიღებულ რეზოლუციაში წერია. სხდომას ქართული დელეგაცია არ დასწრებია. მოგვიანებით "ქართულ ოცნებაში" განმარტეს, რატომ არ მიიღო საქართველოს დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა. როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი, „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი გივი მიქანაძე აცხადებდა, სტრასბურგიდან უკვე გამოფრენილები იყვნენ, როდესაც რეზოლუცია კენჭისყრაზე გავიდა.

„ეს არის სპეკულაცია, რომელიც აიწია რადიკალური ოპოზიციის მხრიდან და თქვენ ხელს უწყობთ ამას. დღის წესრიგში ეს საკითხები შედის ბოლო მომენტში, ამიტომ ჩვენ უკვე გამომგზავრებულები ვიყავით… ჩვენ აქედან როცა მივდიოდით, რამდენიმე კვირით ადრე ბილეთები ნაყიდი იყო იმიტომ, რომ ჩვენ გაწერილი გვქონდა კონკრეტული დღის წესრიგი. ყველა რეზოლუციაზე გვაქვს ხმა მიცემული, გამონაკლისი ამაზე არ არსებობს. შესაბამისად, კონკრეტული საქმეებიდან და შეხვედრებიდან გამომდინარე, ეს ვიზიტი დასრულდა გუშინწინ და გამოვემგზავრეთ. დღეს დილით მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გვქონდა, გვაქვს კომიტეტი და ასე შემდეგ. ეს არის მანიპულაცია, რადგან ჩვენ უკრაინასთან დაკავშირებით ყველა საკითხს შეერთებული ვართ. მანიპულაციურ განცხადებებს მორჩით!“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S