მორგოშია: "უტყუარი ინფორმაცია მაქვს, რომ “ქართული ოცნება” ყველა კანონს მიიღებს, რომელსაც ვითხოვდით"
02/05/2023 14:17:06 პოლიტიკა
პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია აცხადებს, რომ „უტყუარი ინფორმაცია“ აქვს, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნება“ პარტნიორი პარტიების მეშვეობით ყველა იმ კანონს მიიღებს, რომელსაც „ალტ–ინფოს“ პარტია ლობირებს.
„მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” პარტნიორი პარტიების მეშვეობით მიიღებს ყველა იმ კანონს, რომლის მიღებასაც ჩვენ წლებია, ვითხოვთ და ვიბრძვით! მათ შორის კანონს გეი-პროპაგანდის წინააღმდეგ! ეს ამბავი ძალიან მახარებს, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, 5 ივლისი იყო ქართველი ხალხის უდიდესი გამარჯვება და ლიბერალიზმის დასასრულის დასაწყისი საქართველოში“, – აცხადებს კონსტანტინე მორგოშია.
დღეს "სოციალ დემოკრატების” ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ "უცნობის" აქციის მოთხოვნებს პარლამენტში კანონპროექტად წარადგენს.
30 აპრილს თბილისის ცენტრში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართა. ღონისძიება ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გია გაჩეჩილაძის გადაცემა „უცნობის კიდობანში“ დაიგეგმა. იდეა მსახიობ ზაზა პაპუაშვილს ეკუთვნოდა. ამ გადაცემაში ხშირად ისმის მოსაზრებები, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს ხელყოფს. გაჩეჩილაძე და მისი სტუმრები ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოში კონსტიტუციით გამყარებულ მიზანს - ევროკავშირსა და ნატო–ში გაწევრიანებას.
აქციის დასასრულს, მისმა ორგანიზატორებმა შემდეგი მოთხოვნები ჩამოთვალეს:
- "ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატორულ რეჟიმს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით აღსრულდეს".
- "უნდა გატარდეს სუვერენული, ეკონომიკური პოლიტიკა, რაც უმუშევრობას, დაბალ ხელფასებს და სიღარიბეს აღმოფხვრის“;
- "ევროკავშირის და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებმა პატივი უნდა სცენ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს - კატეგორიულად მოვითხოვთ შიდა საზოგადოებრივ პოლიტიკურ საქმეებში სრულ ჩაურევლობას“.
- "დაინერგოს სკოლებში ფუნდამენტური განათლება; შეწყდეს ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავება სასწავლო დაწესებულებებში; დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი სახელმწიფო პროგრამა უნდა განხორციელდეს";
- "ლგბტ პროპაგანდა კანონით აიკრძალოს და მოწესრიგდეს სამართლებრივი ბაზა";
- "პოლარიზაციისა და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, ქართველ ხალხს პლებისციტის გზით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს, რათა რევოლუციები და დესტაბილიზაცია, თავს მოხვეული მაედნები და სხვა ქვეყნის ომში ჩართვა ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, დაანონსებული არეულობა, ხელისუფლების ძალადობრივი ცვლა, ერთმანეთთან დაპირისპირება არ მოხდეს და ყველაფერი ეს თავიდან ავიცილოთ“.


