გააგრძელეთ საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცედურა ან შევხვდებით საკონსტიტუციო სასამართლოში - უსუფაშვილი
03/05/2023 08:33:03 პოლიტიკა
საპარლამენტო ოპოზიციამ პარლამენტის თავმდჯომარეს შალვა პაპუაშვილს სასამართლოს საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე 50 დეპუტატის ხელმოწერა წარუდგინა. დეპუტატების თქმით, თუ მათ საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა არ მიეცემათ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა უჭერს მხარს, თუმცა მის შექმნას საპარლამენტო უმრავლესობა უშლის ხელს: მმართველმა გუნდმა წინა სასესიო კვირას კვორუმი რამდენჯერმე ჩააგდო.
„ჩვენ მომსწრენი ვართ უპრეცედენტო ადმინისტრაციული ძალადობის. სიაში კენჭის საყრელად კვლავ არ არის საგამოძიებო კომისიის შესახებ საკითხი. უმრავლესობამ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მართლმსაჯულებაში არსებულ პრობლემებსა და პრობლემურ ადამიანებს ბოლომდე გადაეფაროს და ჩაყვეს იქით, საითაც მიემართებიან, ყველა ხრიკს მიმართა – უკანონოს, კონსტიტუციის დამრღვევს“, – განაცხადა „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა.
დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ კონსტიტუცია უფლებას აძლევს პარლამენტის 50 წევრს, შექმნას საგამოძიებო კომისია და ხელშეშლა კონსტიტუციის დარღვევაა:
„პარლამენტის თავმჯდომარევ, წარგიდგენთ პარლამენტის 50 წევრის ხელმოწერას. ანუ ხელმოწერით ვადასტურებთ ჩვენს ნებას და გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ შეიქმნას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო კომისია, რომლისთვისაც საჭიროა პარლამენტის 1/3-ის მხარდაჭერა და სხვა ადამიანები რა აზრზე ბრძანდებით, ეს არ აინტერესებს კონსტიტუციას. ამ ჩვენი ნების გამოვლენით, მოგმართავთ, გააგრძელოთ საგამოძიებო კომისიის ფუნქციონირებისთვის საჭირო პროცედურები და თუ ესეც არ არის საკმარისი, მაშინ შევხვდებით საკონსტიტუციო სასამართლოში და აუცილებლად შევხვდებით უკვე საგამოძიებო კომისიაში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება ამ პარლამენტში თუ არა, შემდეგ პარლამენტი იმისთვის, რომ ყველაფერთან ერთად რაც ხდება მართლმსაჯულებაში, გამოძიებულ და სააშკარაოზე გამოტანილ იქნას, რაც მოხდა ამ დღეებში პარლამენტში. კონსტიტუციით გარანტირებული უფლება წაშალეთ და ამის პატიება არ შეიძლება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
6 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა გაააქტიურა.


