Accentnews.ge
მამუკა მდინარაძე – "ლგბტ პროპაგანდაზე": "არაჯანსაღ პროპაგანდას ჯანსაღი პროპაგანდა უნდა დავუპირისპიროთ"

მამუკა მდინარაძე – "ლგბტ პროპაგანდაზე": "არაჯანსაღ პროპაგანდას ჯანსაღი პროპაგანდა უნდა დავუპირისპიროთ"

03/05/2023 11:18:01 პოლიტიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ კანონპროექტის მიღებას.

"ქართულ ოცნებაში“ არ განიხილება ასეთი კანონპროექტის მიღება. ამას აქვს თავისი არგუმენტები. მათ შორის, არ განიხილება სამართლებრივი არგუმენტის გამო. მეორე არის პრაგმატული არგუმენტი, რომ ეს შეიძლება, აწყობდეთ უფრო ლგბტ პროპაგანდისტებს და რადიკალურ ძალებს, რომლებიც ამაზე აგებენ თავის ნარატივს. მესამე, მე პირადად და ჩვენი გუნდის ბევრს წევრს მიგვაჩნია, რომ არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა და არა სამართლებრივი მექანიზმები, რომელთანაც შეიძლება, მერე გარკვეული პრეტენზიები გაჩნდეს“, — განაცხადა მდინარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა „ოცნება“ პრორუსულ ძალებს მხარი დაუჭიროს ინიციატივაში, მდინარაძემ შემდეგი განაცხადა:

„თქვენ ნუ შეაფასებთ, ვინ პრორუსულია… თქვენი შეფასებით, „ქართული ოცნებაც“ პრორუსულია და აბსოლუტური ფეიკი და მავნებლობაა ასეთი ინიციატივები“.

მისი თქმით, „ოცნება“ არც „ალტ-ინფოს“ და არც „ევროპელი სოციალისტების“ კანონპროექტის მიღებას არ აპირებს.

ცნობისთვის: პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია აცხადებს, რომ „უტყუარი ინფორმაცია“ აქვს, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნება“ პარტნიორი პარტიების მეშვეობით ყველა იმ კანონს მიიღებს, რომელსაც „ალტ–ინფოს“ პარტია ლობირებს.

„მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” პარტნიორი პარტიების მეშვეობით მიიღებს ყველა იმ კანონს, რომლის მიღებასაც ჩვენ წლებია, ვითხოვთ და ვიბრძვით! მათ შორის კანონს გეი-პროპაგანდის წინააღმდეგ! ეს ამბავი ძალიან მახარებს, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, 5 ივლისი იყო ქართველი ხალხის უდიდესი გამარჯვება და ლიბერალიზმის დასასრულის დასაწყისი საქართველოში“, – აცხადებს კონსტანტინე მორგოშია.

2 მაისს "სოციალ დემოკრატების” ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ "უცნობის" აქციის მოთხოვნებს პარლამენტში კანონპროექტად წარადგენს.

30 აპრილს თბილისის ცენტრში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართა. ღონისძიება ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გია გაჩეჩილაძის გადაცემა „უცნობის კიდობანში“ დაიგეგმა. იდეა მსახიობ ზაზა პაპუაშვილს ეკუთვნოდა. ამ გადაცემაში ხშირად ისმის მოსაზრებები, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს ხელყოფს. გაჩეჩილაძე და მისი სტუმრები ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოში კონსტიტუციით გამყარებულ მიზანს - ევროკავშირსა და ნატო–ში გაწევრიანებას.

აქციის დასასრულს, მისმა ორგანიზატორებმა შემდეგი მოთხოვნები ჩამოთვალეს:

  • "ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატორულ რეჟიმს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით აღსრულდეს".
  • "უნდა გატარდეს სუვერენული, ეკონომიკური პოლიტიკა, რაც უმუშევრობას, დაბალ ხელფასებს და სიღარიბეს აღმოფხვრის“;
  • "ევროკავშირის და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებმა პატივი უნდა სცენ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს - კატეგორიულად მოვითხოვთ შიდა საზოგადოებრივ პოლიტიკურ საქმეებში სრულ ჩაურევლობას“.
  • "დაინერგოს სკოლებში ფუნდამენტური განათლება; შეწყდეს ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავება სასწავლო დაწესებულებებში; დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი სახელმწიფო პროგრამა უნდა განხორციელდეს";
  • "ლგბტ პროპაგანდა კანონით აიკრძალოს და მოწესრიგდეს სამართლებრივი ბაზა";
  • "პოლარიზაციისა და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, ქართველ ხალხს პლებისციტის გზით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს, რათა რევოლუციები და დესტაბილიზაცია, თავს მოხვეული მაედნები და სხვა ქვეყნის ომში ჩართვა ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, დაანონსებული არეულობა, ხელისუფლების ძალადობრივი ცვლა, ერთმანეთთან დაპირისპირება არ მოხდეს და ყველაფერი ეს თავიდან ავიცილოთ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S