აპატურაი: „სამხედრო გზით თავდაცვის შესაძლებლობა კიდევ უფრო გადაუდებელი და მნიშვნელოვანი გახდა, ამდენად, წავახალისებდი მაქსიმალურ თანამშრომლობას წვრთნებში”
03/05/2023 14:52:53 პოლიტიკა
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამოაზრე დემოკრატიული ქვეყნები ერთად მუშაობენ და ეს, ასევე, ნიშნავს ერთობლივად წვრთნას, - განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ, როდესაც მას “დამცველი 2023”–ში წელს საქართველოს არმონაწილეობაზე ჰკითხეს.
„მთავრობისგან ვნახე ცნობა, რომ ეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონსულტაციის შედეგად გაკეთდა. ესაა, რაც წავიკითხე. რაც შემიძლია, ვთქვა, ისაა, რომ მე სულ ახლახან განვიხილე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან წვრთნების სერია, რომელშიც საქართველო მიიღებს მონაწილეობას. წვრთნები, რომელიც, ასევე, უკავშირდება იმ სამუშაოს, რომელსაც ახლა მე ვაკეთებ, ესაა - კიბერ და ენერგეტიკული უსაფრთხოება. ჩვენ განვიხილეთ შემდგომი წვრთნები, რომლის ჩატარებაც შეგვიძლია ერთად, კერძოდ ენერგეტიკული მიმართულებით, ასევე არის კიბერ წვრთნა, რომელზეც მოლოდინი მაქვს, რომ ძალიან მალე დამტკიცდება, რომ საქართველომ მონაწილეობა მიიღოს“, - აღნიშნა აპატურაიმ.
მისივე თქმით, ახლა სამხედრო გზით თავდაცვის შესაძლებლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა:
„საბოლოო ჯამში, ჩვენ ახლა ვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც სამხედრო გზით თავდაცვის შესაძლებლობა კიდევ უფრო გადაუდებელი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ამდენად, მე უბრალოდ წავახალისებდი მაქსიმალურ თანამშრომლობას წვრთნებში”.


