გერმანელი დეპუტატი – მე არ მომცეს უფლება, ციხეში მომენახულებინა ნიკა გვარამია
04/05/2023 08:00:41 პოლიტიკა
გერმანიის პარლამენტის დეპუტატი თომას ჰაკერი აცხადებს, რომ იგი “მთავარი არხის” დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთან ციხეში არ შეუშვეს.
მისი თქმით, საქართველოში გამართული შეხვედრების მთავარი თემა საქართველოს ევროპერსპექტივასთან დაკავშირებული საკითხები იქნება.
გარდა ამისა, გერმანელი დეპუტატის განცხადებით, შეეცდება გაარკვიოს მიზეზი, რატომ არ შეუშვეს იგი საპატიმროში "მთავარი არხის" მფლობელის ნიკა გვარამიას მოსანახულებლად.
"რასაკვირველია, ვისაუბრებთ ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე და გავიგებთ არის თუ არა პროგრესი ამ მიმართულებით. ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანას ევროკავშირში შესვლაში დაეხმაროს და წლის ბოლოს ბრიუსელში მიიღონ ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება. იუსტიციის მინისტრს ვესაუბრებით, მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების შესახებ. მე არ მომცეს უფლება, ციხეში მომენახულებინა ნიკა გვარამია. იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაზე, ამ საკითხზეც გავამახვილებ ყურადღებას. როგორც ევროპარლამენტი, ასევე გერმანიის ბუნდესთაგი, ხედავს ნიკა გვარამიას პატიმრობის უფრო მეტ პოლიტიკურ მიზეზს, ვიდრე სხვა საბაბს. ეს მედიის თავისუფლების საკითხის ნაწილია და ეს დაბრკოლებებს უქმნის საქართველოს, მის გზაზე გახდეს პლურალისტური საზოგადოების მქონე ქვეყანა. მედიის თავისუფლება 12 რეკომენდაციის ერთ-ერთ მთავარი პუნქტია", - განაცხადა ჰაკერმა.
გერმანიის ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია საქართველოს 2 მაიის ეწვია და 5 მაისამდე ქვეყანაში შეხვედრებს გამართავს.
გერმანიის საელჩოს ცნობით, დელეგაციაში არიან რისტიან პეტრი („სოციალ-დემოკრატიული პარტია“, დელეგაციის ხელმძღვანელი), რალფ ბრინკჰაუსი („რისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი“), მიხაელ ზახერი („კავშირი 90/ მწვანეები“), თომას ჰაკერი („თავისუფალ დემოკრატთა პარტია“) და ჰარალდ ვაიელი („ალტერნატივა გერმანიისთვის“).
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან, ასვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, თეიმურაზ ჯანჯალიასთან. დელეგაცია შეხვდება ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს და სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს.
პროგრამაში არის ასევე შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.
"იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და 2022 წლის ივნისში მიიღო ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, შეხვედრების თემები იქნება აუცილებელი რეფორმების გატარება, ურთიერთობების გაფართოება და თანამშრომლობა ევროკავშირთან და გერმანიასთან.
რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე საუბარი შეეხება ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთა შეთანხმებასა და რეგიონში ომით გამოწვეულ შედეგებს, ასევე გეოპოლიტიკურ საკითხებს“, - აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


