სამხარაძე –PES–ის შესახებ: თუ კონფერენციაში მონაწილეობის გამოა, არ ვიცი, ღირს თუ არა ჯგუფში დარჩენა
05/05/2023 10:42:49 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ "წარმოუდგენელია, კონფერენციაში მონაწილეობის გამო, რომელიც ევროკავშირის სახელმწიფოში ტარდება, "ქართულმა ოცნებამ" რაიმე სანქცია მიიღოს".
სამხარაძე ამბობს, რომ თუ პარტნიორი "ევროპელი სოციალისტების” პარტია (PES) კონფერენციაზე მონაწილეობას უკრძალავს, განიხილავენ, ღირს თუ არა ასეთ ჯგუფში დარჩენა".
"რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია განხილვის შესახებ, თუმცა ჩვენთვის წარმოუდგენელია ის ფაქტი, რომ კონფერენციაში მონაწილეობა, თან იმ კონფერენციაში, რომელიც ტარდება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, რომელშიც თავის დროზე გამოდიოდნენ რეიგანი, ბუში და ა.შ ამ კონფერენციაში მონაწილეობისთვის პარტიას, რომელიც არის დამკვირვებელი ევროპის სოციალისტებში, რაიმე სანქცია მიიღოს. რა თქმა უნდა, ამას დასჭირდება ალბათ ახსნა-განმარტება, თუ ასეთი მიუღებელია იმ კონფერენციაში მონაწილეობა, მაშინ საერთოდ უნგრეთის ადგილი ევროკავშირში როგორ არის? ეს ხომ ევროკავშირის და NATO-ს წევრი ქვეყანაა და ამ ქვეყანაში, საქართველოს პრემიერმინისტრი ჩადის ოფიციალური ვიზიტით და ამ ოფიციალური ვიზიტისას მას აქვს შეხვედრა უნგრეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, აქვს ორმხრივ თანამშრომლობაზე საუბარი, აქვს საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე საუბარი და თუ ამის გამო შეიძლება ვინმემ რაღაც სანქცია დაგვადოს, ეს ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია. თუ რა თქმა უნდა, კითხვები აქვთ, კი ბატონო. ეს ყველაფერი გამოწვეული იყო კონფერენციაზე მონაწილეობით, შესაბამისად, კონფერენციაზე მონაწილეობა ვერ ან არ უნდა იყოს რაიმე ასეთი სანქციის განმაპირობებელი. თუ ეს ასეა და მართლა მარტო კონფერენციაზე მონაწილეობაა, მაშინ არ ვიცი, საერთოდ ღირს თუ არა ასეთ ჯგუფში დარჩენა, თუ კონფერენციაზე მონაწილეობას გიკრძალავს შენივე პოლიტიკური ჯგუფი. თუ ეს მართლა ამის საფუძველია, მაშინ, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ მათთან ამ საკითხზე და ჩვენ თვითონაც დავაყენებთ ამ საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ", - განაცხადა სამხარაძემ.
„ევროპელი სოციალისტების" პარტიამ უნგრეთში, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა დაგმო.
პარტიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ გმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაში მონაწილეობას და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მორიგ სხდომაზე „ქართული ოცნების“ სტატუსის საკითხს გადახედოს.
ცნობისათვის: „ქართულ ოცნებას“ „ევროპელი სოციალისტების პარტიაში“ ამჟამად პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსი აქვს.


