"პროპაგანდისტების პანიკა": რუსების რეაქცია როგოზინის ბომბისა და პრიგოჟინის ჭურვების ირგვლივ

05-05-2023 21:53:24 ეს საინტერესოა

რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიული აქტების მზარდი სიხშირე - რკინიგზაზე, ნავთობსაცავებზე, სამხედრო ბაზებისა და აეროდრომებზე მომხდარი ხშირი აფეთქებები და ბოლოს, დრონების შეჯახება პირდაპირ კრემლზე - ბევრს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ უკრაინის ჯარების ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა დაიწყება ნებისმიერ დღეს ან, შესაძლოა, უკვე დაიწყო კიდეც. ამას დაემატა რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მუქარა, რომ ბახმუტს 10 მაისს დატოვებს.

„მედუზას“ ცნობით, პროპაგანდისტებს ყოველი შემთხვევისთვის რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციდან დაეგზავნათ სახელმძღვანელო, რომელიც არ იძლევა მოწინააღმდეგის საბრძოლო შესაძლებლობების დაკნინების რეკომენდაციას და განმარტავს, თუ როგორ უნდა წარუდგინოს საზოგადოებას რუსული ჯარების დამარცხება. რუსმა პროპაგანდისტებმა მართლაც დაიწყეს უკრაინის არმიის უპირატესობის ხსენება, თუმცა ბუნდოვანია, კრემლის მითითებით თუ საკუთარი სურვილით. მაგალითად, როსკოსმოსის ყოფილმა ხელმძღვანელმა დიმიტრი როგოზინმა თქვა, რომ რუსეთის ფრონტზე გამარჯვებისთვის საჭირო იქნება ბირთვული იარაღის გამოყენება.

„ცხადი ხდება, რომ „დრონით შეტევა“ პროვოკაციაა ბირთვული შანტაჟის ესკალაციისთვის. კრემლი მიხვდა, რომ პუტინის საოკუპაციო არმიის მომავალი მარცხი უკვე გარდაუვალია. სწორედ ამიტომ ჩაერთო როგოზინი აქტიურად ბირთვული სიგიჟის ესკალაციაში. წაითამაშებს!“,– ამბობს რუსი პოლიტიკოსი გენადი გუდკოვი.

პოლიტიკოსი ალფრედ კოხი: „ეს ახლა მათი რიტუალია – ნებისმიერი მიზეზით ითხოვენ ატომური ბომბის სროლას“.

ანალიტიკოსი ანატოლი ნესმიანი: „რაც შეეხება ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას, ეს შესაძლებელია თავდაცვით ომში, მაგალითად, საბჭოთა პერიოდში არსებობდა ექვსი სპეციალური საინჟინრო განყოფილება, რომლებიც შეიარაღებული იყო ბირთვული სახმელეთო ნაღმებით. ოთხი ასეთი დანაყოფი სამხრეთით და აღმოსავლეთით მდებარეობდა - TurkVO-ში, SAVO-ში, ZabVO-სა და DalVO-ში, ორი ნაწილი - დასავლეთში. ერთ-ერთი მათგანი უკრაინულ სამბირში იყო.

თუმცა, აქ არის ნიუანსი - ბირთვული თავდაცვითი იარაღის გამოყენება გათვალისწინებული იყო მხოლოდ შეუზღუდავი მაღალი ინტენსივობის კონფლიქტის დროს, როდესაც გამოყენებულია ყველა არსებული ტიპის საბრძოლო მასალა და იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული ძალები. არანაირი მიზნობრივი გამოყენება არ იყო ნაგულისხმევი, განსაკუთრებით მტრის ბრიგადის, პოლკის ან დანაყოფის წინააღმდეგ. ამავდროულად, საბჭოთა ტაქტიკური ბირთვული იარაღი ძირითადად გარღვევის იარაღს წარმოადგენდა, ჟუკოვის ცნობილი წვრთნები ტოცკის საცდელ ადგილზე, რისთვისაც ლიბერალურმა საზოგადოებამ მოგვიანებით მისი სხვადასხვა სიტყვებით სტიგმატიზაცია მოახდინა, სწორედ გარღვევის ლეგენდის შემუშავება იყო ტაქტიკური დონის ბირთვული აფეთქების ეპიცენტრით.

საჭირო იყო იმის გაგება, თუ რამდენად აქვს ამ კონცეფციას არსებობის უფლება. აღმოჩნდა - აქვს. რასაკვირველია, დილეტანტის თვალსაზრისით, საველე ტესტირების მეთოდების სისასტიკე ზედმეტად მაღალი ჩანდა, მაგრამ თქვენ ყოველთვის უნდა გადახედოთ კონტექსტს - მესამე მსოფლიო ომის ალბათობა ახალი ტიპის იარაღის ტოტალური გამოყენებით მაშინ საკმაოდ მაღალი იყო.

ჯამში, ყოველ შემთხვევაში, ასეთი საბრძოლო მასალის მარცხნივ და მარჯვნივ გამოყენება არ იყო გათვალისწინებული. იყო ძალიან მკაცრი კრიტერიუმები და, როგორც ახლა უკვე ცხადია, მათ შესაძლებელი გახადეს ბირთვული ომის თავიდან აცილება, თუნდაც ლოკალურ და ფერიფერიულ ვარიანტებში.

ის, რასაც ამჟამინდელი რუსი ლიდერები ბოდავენ, არანაირ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. აზრი არ აქვს მათი სიტყვების სერიოზულად აღქმას, ვინაიდან თუნდაც ერთის გამოყენება გამოიწვევს დაუყოვნებელ ესკალაციას და ბირთვული ძალების ჩართვას, რომლებიც უშუალოდ არიან დაინტერესებულნი ან გამოუყენებლობის პოლიტიკის გაგრძელებით ან დასჯით ასეთი გამოყენების ჩამდენის, ვიდრე მას მთელი ბირთვული არსენალი არ ჩამოერთმევა.

სხვათა შორის, მახსოვს 2013 წელი - როდესაც სირიაში არაერთხელ ხდებოდა პროვოკაციები ქიმიკატებთან (და უმეტესწილად ეს იყო სამრეწველო ნივთიერებები, როგორიცაა ქლორი) დაკავშირებით და შედეგად ობამამ მოახერხა სირიისთვის ქიმიური იარაღის ჩამორთმევა, უფრო მეტიც, პუტინის ხელით, რაც ფასდაუდებელი სამსახური აღმოჩნდა რეგიონში აშშ-ის ყველა მოკავშირისთვის.

თუ როგოზინი დაჟინებით მოითხოვს სცენარს, რომელშიც რუსეთი კარგავს თავის ბირთვულ პოტენციალს, მაშინ მან შესაძლოა გამოიყენოს. მას მოგვიანებით დააჯილდოვებენ კონგრესის მედლით თეთრ სახლში რუსეთის ბირთვული განიარაღებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის“.

ალექსანდრე ნევზოროვი: „თუ პუტინის რუსეთი გადაწყვეტს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას უკრაინაში, ის დაუყოვნებლივ გადავა თავისი ამჟამინდელი სტატუსიდან „კაცობრიობისთვის პირდაპირი საფრთხის“ კატეგორიაში და მაშინვე მიწასთან გაასწორებს ნატო მთელი ძალით. კრემლს, მთელი თავისი დემენციის მიუხედავად, ეს ძალიან კარგად ესმის. მის უძველეს ბირთვულ იარაღს არ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ნატო–ს ჩვეულებრივ შესაძლებლობებსაც კი.

ამდენად, როგოზინის ჭკუას ნუ მიანიჭებთ მნიშვნელობას. სხვა პროპაგანდისტების ტირილი როგოზინის სპეკულაციებზე მეტი არ ღირს. კრემლი აბსოლუტურად გამოუვალ მდგომარეობაშია და ეს თავადაც ესმის. ბოლო დღეებში რუსი ოფიციალური პირები და დეპუტატები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო სასაცილო განცხადებას გააკეთებს“.

როგორც ომის მოწინააღმდეგეთა, ისე პროპაგანდისტების მხრიდან დაცინვა მოჰყვა, რუსი დეპუტატის ალექსეი ჟურავლევის შეთავაზებას, შექმნან დრონების შემპყრობი „არწივების ესკადრილია“ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დასაცავად.

ანალიტიკოსი ანდრეი ნიკულინი: „პროპაგანდისტები ერთმანეთს ჭამენ – სოლოვიოვის არხზე ნაწილ–ნაწილ გლეჯენ ჟურავლევის ინიციატივას გაწვრთნილი არწივების შესახებ.

პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანიც კი მოუწოდებს, შეწყვიტონ უსაგნო საუბარი:

„ჩვენ უნდა შევწყვიტოთ განცხადებები, რომ ყველაფერს ვუპასუხებთ. ხალხი ვეღარ გაიგებს. ლექსიკონიდან უნდა გამოირიცხოს სიტყვები „პროვოკაცია“, „ცინიკური აქტი“, „პასუხის მომზადება“.თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რამდენად დამღლელია ეს. საერთოდ უნდა შევწყვიტოთ საუბარი. რაც უფრო მეტი განცხადებაა - მით ნაკლებია მათი რწმენა. ხალხს სჯერა რასაც ხედავს“.

ევგენი პრიგოჟინმა დიმიტრი როგოზინის განცხადებებს „კლოუნური“ უწოდა და ბლოგებმა განაახლეს დისკუსია მისი პოლიტიკური კარიერის შესახებ.

პროპაგამდისტი ოლეგ ფშენიჩნი: რაც შეეხება [...] პრიგოჟინის პოლიტიკურ გავლენას, რომლისაც დახვეწილ „პოლიტიკურ დამკვირვებლებს“ არ სჯერათ – რადგან ის „მთლიანად არის დამოკიდებული პუტინზე და სახელმწიფო ბიუჯეტზე“ – ფაქტია, რომ პოლიტიკურ გავლენას მრავალი განსხვავებული კომპონენტი აქვს. მაგალითად, პიროვნულად უშუალო, ემოციური, სოციალური და სხვა კონტაქტის დამყარების შესაძლებლობა ადამიანთა დიდ რაოდენობასთან, უპირველეს ყოვლისა, პირობებისა და შეზღუდვების მიღმა.

იმ პირობებში, როდესაც პრიგოჟინი მაგალითად, მედვედევის, პატრუშევისა და ვოლოდინის ფონზე უფრო ფსიქიკურად საღ, დამოუკიდებელ და თვითკრიტიკულ ფიგურად გამოიყურება, მაშინ იზრდება მისი პოლიტიკური გავლენის შანსები. დაე, დღეს სახელმწიფო ბიუჯეტზე და პუტინზე იყოს დამოკიდებული, არის მომენტები, როცა ყველაფერი წამში ტრიალებს.

რიგმა პროპაგანდისტებმა დასვეს კითხვა, რატომ არ უყენებს პრიგოჟინი პრეტენზიებს ვლადიმირ პუტინს. 5 მაისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „მისი ბიჭები“ 10 მაისს დატოვებენ ბახმუტს, რომლის აღებასაც გასული წლიდან ცდილობენ.

ოპოზიციონერი ლეონიდ ვოლკოვი: „ესკალაციის ახალი ფაზა დადგა: პრიგოჟინი პუტინს გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებს. პუტინს არ უყვარს ასეთ მდგომარეობაში ყოფნა. ფსონს ვდებ, რომ გადაწყვეტილება პრიგოჟინის სასარგებლოდ არ იქნება“.

უფლებადამცველი ვლადიმირ ოსეჩკინი: „ამ ამბის შედეგი აშკარაა - პუტინმა და სპეცსამსახურებმა აღზარდეს აბსოლუტურად უკონტროლო არსება, რომელმაც უკვე მოკლა ათასობით უკრაინელი და რუსი, რუსების მიერ რუსებისვე სიკვდილით დასჯა შემოიღო და 300-ზე მეტი თანამოქალაქე მოკლა პოზიციების და ფრონტის ხაზის დატოვების მცდელობის გამო. ახლა ეს არსება ყველას ემუქრება, რომ დატოვებს თავის პოზიციებს და წაიყვანს მათ, ვინც დეკემბერში გაიყვანეს მკაცრი და სპეციალური რეჟიმის კოლონიებიდან და რომლებიც პუტინმა უკვე შეიწყალა. დე ფაქტო, ეს არის პუტინისა და პრიგოჟინ-„ვაგნერის“ პროექტის პირველი საჯარო ჩავარდნაა. ომი უნდა შეწყდეს, ჯარები გაიყვანონ უკრაინიდან, ომის დამნაშავეები (პირველ რიგში პრიგოჟინი) სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ.

ანალიტიკოსი ლეონიდ ნევზლინი: „სულ უფრო და უფრო ჰგავს, რომ პუტინის „მზარეულს“ უკრაინის კონტრშეტევის ეშინია. ყოველივე ამის შემდეგ თუ მას ჭურვები მიეწოდება, ეს ნიშნავს, რომ პუტინი და შოიგუ დაემორჩილნენ მის პირდაპირ შანტაჟს. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ არც ერთს და არც მეორეს არ სურს, დაკარგოს „ბავშვის“ ფიზიონომია. ამდენად, პრიგოჟინი საბრძოლო მასალის უფრო ვერ მიიღებს. და ეს ნიშნავს ბახმუტის დატოვებას, რომელიც, მიუხედავად ყველა დაპირებისა, მან არათუ არ აიღო, არამედ უკრაინის კონტრშეტევისას ოკუპირებულ ტერიტორიებსაც დაკარგავს. ახლა კი საბაბს ეძებს, რომ ყველაფერი თავდაცვის სამინისტროს დააბრალოს“.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა დარწმუნებულია, რომ პრიგოჟინს ეწურება არა ჭურვები, არამედ ხალხი და მისი ემოციური ვიდეოები სხვა არაფერია, თუ არა მომავალი უკანდახევის გამართლების საშუალება. ომის წარმართვის მეთოდი, რომელსაც უწოდებენ "სახორცე შეტევებს", აჩენს კითხვებს რუს პროპაგანდისტებშიც.

კერძოდ, პროპაგანდისტი ვიქტორ ალქსნისი წერს: „დღევანდელისაშინელი კადრები პრიგოჟინის განცხადებით „ვაგნერის“ მებრძოლების ცხედრების ფონზე, ფრონტზე „ჭურვის შიმშილის“ გამო აღშფოთებასთან ერთად, პირადად ჩემთვის აჩენს კითხვებს: ”რატომ იგზავნებიან საარტილერიო ჭურვების არარსებობის შემთხვევაში „ვაგნერის“ მებრძოლები სიკვდილზე „სახორცე თავდასხმებში“? იქნებ ასეთ ვითარებაში ჯობია, გადავიდეთ მკაცრ თავდაცვაზე და იქ გადავტეხოთ უკრაინული არმია? დაე, მან მოაწყოს „სახორცეთავდასხმები“ და უკრაინელმა სამხედრო ლიდერებმა გააკეთონ უკრაინელი ჯარისკაცების გვამების ფონზე განცხადებები. არ მესმის, რატომ უტევს უკვე ცხრა თვეა, „ვაგნერი“ და მტერს საკუთარი მებრძოლებით ავსებს სტრატეგიულად უმნიშვნელო არტემოვსკს? თავად პრიგოჟინიც კი აღიარებს, რომ არტემოვსკის აღება არ გამოიწვევს გარდატეას ფრონტზე.ჩემი გულუბრყვილობის გამო, მჯეროდა, რომ თუ მოცემულ სექტორში მტრის პოზიციებზე თავდასხმა იწვევს დიდ დანაკარგებს, მაშინ აუცილებელია მტერზე თავდასხმა სხვა სექტორში, რათა იგრძნოთ სისუსტეები მის დაცვაში. სხვათა შორის, ასე მოქმედებენ უკრაინის შეიარაღებული ძალები დაგეგმილი კონტრშეტევის წინ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ცხრათვიანი თავდასხმა არტემოვსკზე არის ერთგვარი პიარი ბატონი პრიგოჟინის, რომელიც ორგანიზებულია „ვაგნერის“ მებრძოლების სისხლზე. ამის სხვაგვარად ახსნა ძნელია. ძალიან მეეჭვება, რომ პუტინმა პირადად მისცა პრიგოჟინს გამარჯვების დღეს არტემოვსკის აღების ბრძანება და ის იძულებულია, ნებისმიერ ფასად შეასრულოს მთავარსარდლის ბრძანება. სავარაუდოდ, საკუთარი მებრძოლების ცხედრების ფონზე მისი დღევანდელი გაბრაზებული განცხადების შემდეგ იგი დაუყოვნებლივ გასცემს ბრძანებას ამ თავდასხმის გაგრძელების შესახებ. არადა, უსიამოვნო კითხვები ომის დაწყებიდანვე ტანჯავს ბევრ „პატრიოტს““.

პროპაგანდისტი პლატონ ბესედინი: სპეციალური სამხედრო ოპერაციის (ასე უწოდებს მოსკოვის უკრაინასთან ომს) დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ გაირკვა, რომ ჩვენ ვიბრძოდით არა მხოლოდ უკრაინისა და დასავლეთის, არამედ საკუთარი თავის წინააღმდეგ. პირველ რიგში, საკუთარი თავის წინააღმდეგ. ჩვენი სისულელის, ღალატის, ვულგარულობის წინააღმდეგ.

ცოტაც კიდევ - და გაჩნდება კითხვა, საჭირო იყო კი ამ ბრძოლაში უკრაინის ჩართვაც“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები