
გამოსავლის ძიებაში: რას გულისხმობს გერმანული საარჩევნო მოდელი
15/11/2019 14:00:20 პოლიტიკა, თვალსაზრისი, საშინაო პოლიტიკა, ანალიზი
14 ნოემბერს პარლამენტში განვითარებული მოვლენების შემდეგ მთელი ოპოზიციური სპექტრის გეგმა საქართველოში ვადამდელი არჩევნების მიღწევაა, რომელიც პროპორციული სისტემით გარდამავალმა მთავრობამ უნდა ჩაატაროს. თუმცა აღნიშნულის საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე განხორციელება შეუძლებელია, საკონსტიტუციო ცვლილებებს კი პროექტის პარლამენტში ხელმეორედ ინიცირება, შემდეგ საერთო სახალხო განხილვები და პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მხარდაჭერა სჭირდება. „პატრიოტთა ალიანსმა“პროექტის ინიცირებისთვის ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყო, მაგრამ რამდენად ტოვებს ეს გზა მმართველი „ქართული ოცნების“ განწყობის უცვლელობის პირობებში საარჩევნო სისტემის შეცვლის შესაძლებლობას, ამ ეტაპზე რთული სათქმელია. არსებულ რეალობაში რიგი ოპოზიციონერების მხრიდან გამოსავლად გერმანული საარჩევნო მოდელი დასახელდა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების საჭიროებას არ წარმოშობს.
რას გულისხმობს გერმანული მოდელი და რა განასხვავებს მას საქართველოში მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემისგან
გერმანული მოდელის პირობებში მაჟორიტარული სისტემა ნარჩუნდება, თუმცა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისგან მას მანდატების დანაწილების პრინციპი განასხვავებს.
კერძოდ, რამდენი საპარლამენტო მანდატი უნდა მიიღოს კონკრეტულმა პარტიამ, - ეს პროპორციული გზით მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობით განისაზღვრება. ასე, მაგალითად, თუ პარტიამ არჩევნებში ხმათა 40% მიიღო, 100- მანდატიან პარლამენტში 40 მანდატს მიიღებს. ამასთან, თუ პარტიამ მოახერხა 5 მაჟორიტარის გაყვანა, მანდატს ჯერ მიიღებს ეს 5 მაჟორიტარი, ხოლო დანარჩენ 35 მანდატს - პარტიული სიის პირველი 35 დეპუტატი. თუ მოხდა ისე, რომ 40 მაჟორიტარული ოლქი მოიგო პარტიამ, სიიდან არც ერთი დეპუტატი არ დაემატება; იმ შემთხვევაში, თუ 45 მაჟორიტარული ოლქი მოიგო, ეყოლება 45 დეპუტატი, პარტიული სიიდან არავინ დაემატება, დანარჩენ პარტიებს კი მცირედით დააკლდებათ წარმომადგენელთა რაოდენობა. საქართველოში მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით კი, პროპორციული სისტემით მიღებულ მანდატებს მაჟორიტარული ემატება,- განუმარტა „აქცენტს“ არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.
„ჩვენ დავუჭერთ მხარს საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებას ისე, რომ საბოლოოდ მანდატების განაწილება იყოს პროპორციული და სამართლიანი. გერმანული მოდელი არის უფრო სამართლიანი, ვიდრე სადღეისოდ არსებული. გარკვეულ რისკებს ისიც ტოვებს, მაგრამ მაინც წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რაზე შეთანხმდება პოლიტიკური სპექტრი და რა იქნება საზოგადოების მოთხოვნა. თუ ეს იქნება ის, რაზეც საზოგადოება შეჯერდება, ჩვენც დავეთანხმებით“,- აცხადებს ბენიძე.
იგი გამოსავალს პოლიტიკური ნების გამოვლენაში ხედავს:
„თუ არ იარსებებს მმართველი პოლიტიკური პარტიის მხრიდან პოლიტიკური ნება, სისტემა შეიცვალოს და გადაიდგას ნაბიჯები დემოკრატიული განვითარების კუთხით, ეს არის სერიოზული კრიზისის სცენარი და უკვე არსებული კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, მმართველ პარტიაში და როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც ჩანდეს რეალური ნება და არა მოჩვენებითი, როგორსაც ბოლო 4-5 თვის განმავლობაში ვხედავთ. ნების პირობებში შესაძლოა, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაც მოხერხდეს, სხვა შემთხვევაში კი სხვადასხვა ვერსიებს და მოდელებს შესაძლოა, დიდი მომავალი არ ჰქონდეს”.
ამასთან, ბენიძე საზოგადოებრივი ზეწოლის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას:
“ბევრი რამ შეიძლება, იყოს პოლიტიკური ნების განმსაზღვრელი, მათ შორის - საზოგადოებრივი პროტესტი, პოლიტიკური პარტიების პოზიციები, საერთაშორისო საზოგადების. გარდა ამისა, გერმანულ მოდელს არ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები - საკმარისია 76 ხმა და შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს იმავე მაჟორიტარებზე ზეწოლაც, რომელთაც მაჟორიტარული წარმომადგენლობის შენარჩუნება სურთ. გერმანული მოდელის პირობებში მაჟორიტარული წარმომადგენლობა ნარჩუნდება და არ იარსებებს არგუმენტი, თუ რატომ არ შეიძლება, რომელიმე მაჟორიტარმა მას დაუჭიროს მხარი“.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021