პრორუსული „ალტ-ინფოს" კანონპროექტის განხილვა 60 დღით გადავადდა
08/05/2023 09:35:57 პოლიტიკა
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს” კანონპროექტის განხილვა კიდევ 60 დღით გადაიდო.
"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში „ალტ-ინფოს" შემდეგი მუხლების ჩამატება სურს:
„აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას";
"აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის საწინააღმდეგო, მადისკრედიტირებელ ან/და რომელიმე რელიგიური მიმდევრობის ადამიანთა რწმენის საწინააღმდეგო, შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და მოწოდებებს, ან/და რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ეროვნული, კუთხური რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივებას”.
რას ითვალისწინებს „ალტ-ინფოს" მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი
საკანონმდებლო ინიციატივა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის გარდა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” და „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებსაც ითვალისწინებს.
კერძოდ, „ალტ-ინფოს” "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში მის მიერ ინიცირებული რეგულაციების დარღვევაზე ჯარიმებისა და ადმინისტრაციული პატიმრობის დაწესებაც სურს. კანონპროექტის თანახმად, ამ მუხლების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან 25 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან 30 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.
რაც "შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებებს, „ალტ-ინფოს” კანონპროექტის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის ზემოთ აღნიშნული მუხლების ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში პირი სისხლის სამართლის დამნაშავე გახდება და დაემუქრება ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 180-დან 240 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაო ვადით 2 წლამდე, ან თავისუფლების 2 წლამდე ვადით აღკვეთა.


