საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დეპუტატის მანდატი დატოვა
08/05/2023 10:23:57 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია მენაღარიშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა.
უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი ამილახვარის მიერ მენაღარიშვილის სახელმწიფო ენის კვლევის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით კონსულტანტად დანიშნვაა, რის შესახებაც 4 მაისს გახდა ცნობილი.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მაია მენაღარიშვილს სახელმწიფო ენის მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, სხვადასხვა დროს მთავრობის ადმინისტრაციაში ხელმძღვანელობდა სარედაქციო დეპარტამენტს,ბოლო წლებში იკავებდა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას და კურირებდა სახელმწიფო ენის მიმართულებას.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში შესვლა სალომე ჯინჯოლავას უწევს, რომელიც ამჟამად ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის თანამშრომელია.


