რა რისკებს ქმნის "ქართული ოცნების" ახალი საკანონმდებლო ცვლილებები
08/05/2023 14:06:15 პოლიტიკა
იმ პირობებში, როდესაც მმართველი გუნდი არ ჩქარობს, მაგალითად, დაწიოს 5%–იანი საარჩევნო ბარიერი, რაც უაღრესად პოლარიზებულ გარემოში საზოგადოების ყველა ჯგუფს მისცემს შესაძლებლობას, ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში, „ქართულმა ოცნებამ“ „რეფორმირების“ გზად პრეზიდენტის ისედაც შეკვეცილი უფლებების მეტად შეზღუდვა არჩია, რაც პროცესზე დამკვირვებლებს არც თუ პოზიტიურ მოლოდინებს უჩენს.
საქმე იმაშია, რომ მოქმედი კანონმდებლობით ( „შარლ მიშელის შეთანხმების“ სულისკვეთებით იქნა მიღებული), ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები პარლამენტს ასარჩევად პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს, რომელიც მანამდე საკონკურსო კომისიას ქმნის და კონკურსს აცხადებს. ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა თავდაპირველად 2/3-იანი ქვორუმით ტარდება. იმ შემთხვევაში, თუკი ცესკოს თავმჯდომარის 2/3-ით არჩევა ვერ ხდება, კენჭი მათ სრული შემადგენლობის უმრავლესობით ეყრებათ. 2/3-იანი ქვორუმით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობას 5-წლიანი ვადით იკავებს, უბრალო უმრავლესობით დამტკიცებული – 6 თვით. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობის წევრებმა მამუკა მდინარაძემ, გივი მიქანაძემ, დავით მათიკაშვილმა, რატი იონათამიშვილმა და ირაკლი შატაკიშვილმა მოამზადეს „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება, კერძოდ, თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. მასვე ექნება უფლებამოსილება, გამოცხადდეს კონკურსი და დაკომპლექტდეს შესარჩევი კომისია. გარდა ამისა, იცვლება კანდიდატთა მხარდაჭერისთვის საჭირო ხმათა რაოდენობაც და მათ ასარჩევად სრული შემადგენლობის უმრავლესობა (76 ხმა) იქნება საკმარისი ნაცვლად კვალიფიციურისა. ამ შემთხვევაში ისინი თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.
ამ სიახლის შესახებ საზოგადოებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია "ლელოს" წევრმა გიორგი სიორიძემ აცნობა და იქვე დასძინა, რომ "ხელისუფლება ფაქტობრივად, ცესკოს ერთპარტიულ ოკუპაციას ახორციელებს":
"ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციური პრეროგატივა ერთმევა. ეს არის იერიში პრეზიდენტის ინსტიტუტზე, განპირობებული იმით, რომ პრეზიდენტმა სასურველი კანდიდატები არ წარუდგინა პარლამენტს. თუ ეს პროექტი კანონად იქცევა, ეს იქნება ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი".
ცესკო–მ სიორიძის განცხადება "პოლიტიკურად მიკერძოებულად" შეაფასა, ხოლო მმართველი გუნდის წევრმა არჩილ თალაკვაძემ შემდეგნაირად სცადა, აეხსნა პროცესიდან პრეზიდენტის ინსტიტუტისა და ოპოზიციის ამოვარდნის აუცილებლობა:
„საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურად ეფექტურად და კანონის სრული დაცვით ატარებს საქართველოში არჩევნებს. შესაბამისად, პარლამენტისგან საარჩევნო ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს სრული მხარდაჭერა, რომ ვერავინ შეძლოს, მას ჩრდილი მიაყენოს, წაუყენოს დაუსაბუთებელი ბრალდებები და ამით ძირი გამოუთხაროს საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებს და მის შედეგებს. ჩვენ მივიღებთ ყველა ზომას, რომლითაც მომავალი არჩევნები მაქსიმალურად სანდო იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის“.
არგუმენტად დასავლური პრაქტიკა მოიშველია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თუმცა აღარ უსაუბრია პოლარიზაციის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების რისკებზე, მით უფრო რომ ცვლილებით, მმართველი გუნდი საკითხის ირგვლივ ოპოზიციასთან თანამშრომლობის საჭიროებას ფაქტობრივად გამორიცხავს:
„არსებული წესი არის აბსოლუტურად ხელოვნური, რომელიც პრაქტიკაში არ იმუშავებდა. საბოლოოდ, პრაქტიკამ დაადასტურა, რომ მიდგომა, თითქოს კვალიფიციური უმრავლესობა კონსენსუსის მიღწევის პანაცეაა, ტყუილია. ექსპერიმენტმა, რომელიც ჩატარდა, არ გაამართლა. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს დავუბრუნდეთ და ისეთი წესები მივიღოთ, რაც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია და ახალი გადაწყვეტები არ მოვიფიქროთ. არ გვინდა, რომ ისეთი განსხვავებული წესები გვქონდეს, რაც ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკას სცილდება და გარკვეული ექსპერიმენტია საქართველოსთვის. ამის გამართლებას იმით ცდილობენ ხოლმე, თითქოს „საქართველოს სპეციფიკური გამოწვევები აქვს და სპეციფიკური წესები უნდა მივიღოთო“. ეს ასე არ არის. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ერთი მხრივ, ასეთი ექსპერიმენტული წესები არ მუშაობს, მეორე მხრივ - არაფერი სპეციფიკური საქართველოში არაა: ქართველი ხალხი დემოკრატიის ისეთივე მოყვარულია, როგორც ევროპის სხვა ხალხები და ის, რაც კარგია სხვა ქვეყნებში, შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ კარგია საქართველოსთვის. ამიტომ, შემოთავაზებული წესი სრულად ჯდება იმ აპრობირებულ წესებთან, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაშია. პარლამენტს აქვს სრული მანდატი, ცესკო-ს წევრები აირჩიოს და აქ ექსპერიმენტებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს“.
მსგავსი ოპტიმისტური განწყობა სულაც არ შეიმჩნევა არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი უკვე შეუდგა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას:
„ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება. უნდათ, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მარტივად შეინარჩუნონ ძალაუფლება. ამისთვის, რა თქმა უნდა, სანდო პირი სჭირდებათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახით: შეიძლება, რაღაც საკითხზე თანხმობის მიღება დასჭირდეთ, რასაც, უნდა ითქვას, რომ აქამდეც იღებდნენ, მაგრამ ამ დისკომფორტის შექმნაც არ სურთ საკუთარი თავებისთვის, რადგან არ იციან, რა შეიძლება, მოხდეს უახლოეს მომავალში პრეზიდენტთან მიმართებითაც“.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კი ხელისუფლებას შეახსენებს, რომ „შარლ მიშელის“ დოკუმენტზე ხელმოწერით, საპარლამენტო უმრავლესობამ შეთანხმების შესრულებისა და ამბიციური დემოკრატიული რეფორმების გატარების ვალდებულება აიღო, რაც არამხოლოდ „ქართული ოცნების“ კეთილი ნება, არამედ მისი, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის, მოვალეობაა.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმიდან მე-2 პუნქტი გულისხმობს სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის ცესკოს დამოუკიდებლობის გაზრდას. ინიცირებული ცვლილებებით კი კონსენსუსის საჭიროების გაქრობა საარჩევნო ადმინისტრაციის საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი პოლიტიკური ხელისუფლებისათვის დაქვემდებარებას უზრუნველყოფს, რაც ინსტიტუტების გაძლიერების ნაცვლად, დაასუსტებს მათ.
„მიგვაჩნია, რომ ცესკოს დაკომპლექტების 2021 წელს მიღებული წესის უგულებელყოფით „ქართული ოცნება“ უარს აცხადებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რითაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესს, ევროინტეგრაციის პროცესს და იმ მთავარ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებსაც საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არსებული ურთიერთობა ეფუძნება. მმართველი პარტია კვლავ კანონმდებლობის ცვლილების გზას მიმართავს საკუთარი პარტიული ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ამასთან, პრეზიდენტისათვის ცესკოს დაკომპლექტებაში არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული როლის არსებითად შემცირება დამატებით ლეგიტიმურ კითხვებს წარმოშობს კონსტიტუციასთან მისი თავსებადობის თვალსაზრისითაც“.
საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:არ დაამტკიცოს შემოთავაზებული კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ “ქართული ოცნების” „ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურება“ და გაითვალისწინოს ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციები, გადადგას ქმედითი და რეალური ნაბიჯები საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისთვის.


