Accentnews.ge
საია: ევროკავშირის 12–პუნქტიანი გეგმა, მათ შორის ცესკოს დამოუკიდებლობის გაზრდას გულისხმობს, "ოცნება“ კი ამ ინსტიტუტს ასუსტებს

საია: ევროკავშირის 12–პუნქტიანი გეგმა, მათ შორის ცესკოს დამოუკიდებლობის გაზრდას გულისხმობს, "ოცნება“ კი ამ ინსტიტუტს ასუსტებს

08/05/2023 14:08:58 პოლიტიკა

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) აცხადებს, რომ ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებებით "ქართული ოცნება" კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგებას აგრძელებს და ამ სახელმწიფო ინსტიტუტის დამოუკიდებლობას ამცირებს.

"ცესკოს დაკომპლექტების მოქმედი წესი, რომელიც „შარლ მიშელის შეთანხმების“ სულისკვეთებით იქნა მიღებული, ითვალისწინებს საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურაზე შეთანხმებას. დარეგისტრირებული ცვლილებების შემდეგ უქმდება კონსენსუსის მისაღწევად პარტიებს შორის მოლაპარაკებების საჭიროება და უმრავლესობას უფლებამოსილება ეძლევა ერთპიროვნულად დააკომპლექტოს ცესკო.

გარდა ამისა, კომისიის დაკომპლექტების წესიდან პრეზიდენტის ჩამოშორებით საპარლამენტო უმრავლესობა კანონმდებლობას კვლავ არგებს საკუთარი პარტიის ინტერესებს. გასულ თვეებში ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურული სირთულეების გამო, მმართველმა პარტიამ ამჯერად გადაწყვიტა ამ პროცესში დამოუკიდებელი რგოლის, პრეზიდენტის ინიციატივის არსებითად გაუქმება და ის მხოლოდ იმ ნაწილში დატოვა, თუ პარლამენტი პირველ ჯერზე ვერ შეძლებს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას. ამის საწინააღმდეგოდ, საქართველო კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტი მონაწილეობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე გამწესებაში. ხოლო ამ პირების თანამდებობაზე განწესების თაობაზე პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას არ საჭიროებს სწორედ იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე წარდგინების უფლებას კონსტიტუცია ცალსახად პრეზიდენტს ანიჭებს. პარლამენტში დარეგისტრირებული ინიციატივით კი პრეზიდენტის არსებითი როლი ამ პროცესში იგნორირებულია.

„შარლ მიშელის“ დოკუმენტზე ხელმოწერით, საპარლამენტო უმრავლესობამ შეთანხმების შესრულებისა და ამბიციური დემოკრატიული რეფორმების გატარების ვალდებულება აიღო, რაც არამხოლოდ „ქართული ოცნების“ კეთილი ნება, არამედ მისი, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის, მოვალეობაა. ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმიდან მე-2 პუნქტი გულისხმობს სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის ცესკოს დამოუკიდებლობის გაზრდას. ინიცირებული ცვლილებებით კი კონსენსუსის საჭიროების გაქრობა საარჩევნო ადმინისტრაციის საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი პოლიტიკური ხელისუფლებისათვის დაქვემდებარებას უზრუნველყოფს, რაც ინსტიტუტების გაძლიერების ნაცვლად, დაასუსტებს მათ.

მიგვაჩნია, რომ ცესკოს დაკომპლექტების 2021 წელს მიღებული წესის უგულებელყოფით „ქართული ოცნება“ უარს აცხადებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რითაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესს, ევროინტეგრაციის პროცესს და იმ მთავარ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებსაც საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არსებული ურთიერთობა ეფუძნება. მმართველი პარტია კვლავ კანონმდებლობის ცვლილების გზას მიმართავს საკუთარი პარტიული ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ამასთან, პრეზიდენტისათვის ცესკოს დაკომპლექტებაში არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული როლის არსებითად შემცირება დამატებით ლეგიტიმურ კითხვებს წარმოშობს კონსტიტუციასთან მისი თავსებადობის თვალსაზრისითაც", – აცხადებს საია.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:

  • "არ დაამტკიცოს შემოთავაზებული კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ “ქართული ოცნების” ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურება;
  • გაითვალისწინოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციები, გადადგას ქმედითი და რეალური ნაბიჯები საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისთვის".

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე, პარტია "ლელოს" წევრი გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება, კერძოდ, თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. მასვე ექნება უფლებამოსილება, გამოცხადდეს კონკურსი და დაკომპლექტდეს შესარჩევი კომისია.

"ხელისუფლება მზადებას იწყებს არჩევნებისთვის და ფაქტობრივად, ცესკოს ერთპარტიულ ოკუპაციას ახორციელებს. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციური პრეროგატივა ერთმევა. ეს არის იერიში პრეზიდენტის ინსტიტუტზე, განპირობებული იმით, რომ პრეზიდენტმა სასურველი კანდიდატები არ წარუდგინა პარლამენტს. თუ ეს პროექტი კანონად იქცევა, ეს იქნება ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი", - განაცხადა სიორიძემ საარჩევნო ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე..

მისი ინფორმაციით, იცვლება კანდიდატთა მხარდაჭერისთვის საჭირო ხმათა რაოდენობაც და მათ ასარჩევად სრული შემადგენლობის უმრავლესობა (76 ხმა) იქნება საკმარისი. ამ შემთხვევაში ისინი თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.

თავის მხრივ, ცესკო გიორგი სიორიძის განცხადებას "პოლიტიკურად მიკერძოებულად" აფასებს

ცნობისთვის: მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები პარლამენტს ასარჩევად პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს, რომელიც მანამდე საკონკურსო კომისიას ქმნის და კონკურსს აცხადებს. ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა თავდაპირველად 2/3-იანი ქვორუმით ტარდება. იმ შემთხვევაში, თუკი ცესკოს თავმჯდომარის 2/3-ით არჩევა ვერ ხდება, კენჭი მათ სრული შემადგენლობის უმრავლესობით ეყრებათ. 2/3-იანი ქვორუმით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობას 5-წლიანი ვადით იკავებს, უბრალო უმრავლესობით დამტკიცებული – 6 თვით.

„საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები უმრავლესობის წევრებმა მამუკა მდინარაძემ, გივი მიქანაძემ, დავით მათიკაშვილმა, რატი იონათამიშვილმა და ირაკლი შატაკიშვილმა მოამზადეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S