Accentnews.ge
წულუკიანი უნგრეთში გამოსვლის გამო ღარიბაშვილის კრიტიკას "ფსევდოლიბერალურ წივილ-კივილს" უწოდებს

წულუკიანი უნგრეთში გამოსვლის გამო ღარიბაშვილის კრიტიკას "ფსევდოლიბერალურ წივილ-კივილს" უწოდებს

08/05/2023 14:36:26 პოლიტიკა

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი უნგრეთში გამართულ კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობის გამო საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას "ფსევდოლიბერალურ წივილ-კივილს" უწოდებს.

მისი შეფასებით, "პრემიერის გამოსვლა იყო ძალიან ბევრი მესიჯით დატვირთული და თითოეული მათგანი ემსახურებოდა იმ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვას, რომელზეც, საქართველო საუკუნეების მანძილზე იდგა".

"ეს არის პატრიოტიზმი, რწმენა, რომელმაც დღემდე მოიტანა ეს ქვეყანა და მოიყვანა ჩვენი ერი და სამშობლო. მართლმადიდებლურ რწმენას ვგულისხმობ. ეს გამოსვლა კიდევ უფრო სიღრმისეულად იქნება გასაანალიზებელი და ყველანაირი ფსევდოლიბერალური წივილ-კივილის გარეშე ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ჩვენ გვაქვს პატარა სახელმწიფო, რომ ეს პატარა სახელმწიფო არის დიდი ისტორიის, ტრადიციებისა და დიდი კულტურის მქონე ქვეყანა. ყველა უნდა გავერთიანდეთ იმაში, რომ უზრუნველვყოთ ამ ქვეყანაში ერთმანეთის უფლებების დაცვა, ჩვენი რწმენის დაცვა, ჩვენი ტრადიციული ღირებულებების დაცვა ისე, რომ არავის უფლება დაირღვეს", - განაცხადა კულტურის მინისტრმა.

4 მაისს ირაკლი ღარიბაშვილი CPAC–ზე სიტყვით გამოვიდა. მან ისაუბრა, რომ "მტრული ძალები საქართველოში ოჯახური ღირებულებების განადგურებას ცდილობენ“.

დაახლოებით 20-წუთიან გამოსვლაში პრემიერმა თქვა, რომ „საქართველო ფლობს სუპერძალას“ და დასძინა, რომ ეს სუპერძალა არის “რწმენა, ჩვენი ოჯახები, ტრადიციები, მარადიული და უნივერსალური ფასეულობები. სწორედ ამ ძალთა გაერთიანებით ჩვენ შევძლებთ დავუპირისპირდეთ ყალბი თავისუფლების და ყალბი სიმართლის სახელით მოსულ ბოროტებას”.

ამავე დროს მან დაგმო „ლგბტქ+ პროპაგანდა“ და „თავსმოხვეული ინოვაციები“, „ბავშვებისთვის გენდერის შეცვლის პროცედურის დაკანონება“. საქართველოს პრემიერის თქმით, ისინი ცდილობენ, დაავიწყებინონ ხალხს „ოჯახი და რწმენა, რადგან ფესვების არმქონე ადამიანის გაკონტროლება უფრო მარტივია“.

"ევროპელი სოციალისტების პარტიამ", რომლის დამკვირვებელი წევრიცაა საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა ხსენებულ კონფერენციაში და აღნიშნა, რომ ივნისში დაგეგმილ სამიტზე "ოცნების" წევრობის სტატუსის საკითხს გადახედავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S