Accentnews.ge
"ევროპის სოციალისტური პარტიის" ვიცე-პრეზიდენტი: "ქართული ოცნებისთვის" სტატუსის შეჩერებაზე ერთსულოვნებაა"

"ევროპის სოციალისტური პარტიის" ვიცე-პრეზიდენტი: "ქართული ოცნებისთვის" სტატუსის შეჩერებაზე ერთსულოვნებაა"

08/05/2023 18:34:42 პოლიტიკა

"ევროპის სოციალისტური პარტიის" ვიცე-პრეზიდენტი კეტი პირი აცხადებს, რომ პოლიტიკურ გაერთიანებაში "ქართული ოცნებისთვის" სტატუსის შეჩერებაზე ერთსულოვნებაა. ამის შესახებ მან "ფორმულას" ეთერში ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, პარტიის შეშფოთება ჯერ კიდევ მარტში "აგენტების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებმა გამოიწვია.

"ჩვენი შეშფოთება წარმოიშვა თებერვალ-მარტში, როდესაც ვიხილეთ დიდი პროტესტი მოსახლეობისგან, რაც გასაგებია. იყო ძალიან დიდი შეშფოთება იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელთაც "ოცნების" პოლიტიკოსები, მათ შორის თბილისის მერი, პარტიის ლიდერი და პრემიერ –მინისტრი აკეთებდნენ. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვიყავით და მარტში გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში ფაქტების მოძიების მისია გაგვეგზავნა, მაგრამ როგორც კი დავინახეთ, რომ ღარიბაშვილისა და მისი პარტიისთვის მისაღები იყო ულტრაკონსერვატიულ, არადემოკრატიულ პოლიტიკურ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლა, ფაქტების მოძიების მისია აღარ გახდა საჭირო. "სოციალისტური პარტიის" არც ერთი წევრი არ იყო კმაყოფილი "ქართული ოცნების" ამ ქმედებით", - განაცხადა მან.

მისი თქმით, გარიცხვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ივნისში მიიღბენ.

"ჩემი პირადი აზრი და პოზიცია იქნება, რომ "ქართულ ოცნებას" "ევროპის სოციალისტური პარტიაში" სტატუსი შეუჩერდეს. ჩვენ რამდენჯერმე განვიხილეთ ეს თემა და ჩვენს პოლიტიკურ ოჯახში ერთსულოვნება ვიგრძენი. ყველა დისკუსიაში, რომელიც გავმართეთ (სამჯერ გაიმართა) "ქართული ოცნების" მხარეს არავინ დადგა. რაც შეეხება ხმის მიცემის პროცედურას, არ ვფიქრობ, რომ ეს კენჭისყრაზე დადგება. არც ერთი ადამიანი არ უჭერს მხარს "ქართულ ოცნებას", - აცხადებს კეტი პირი.

მისი შეფასებით, "ქართული ოცნების" რიტორიკა არა მხოლოდ კონსერვატიულია, ძალიან ხშირად ანტიდემოკრატიულია":

"ძალიან მწყდება გული და შეშფოთებული ვარ საქართველოსთან დაკავშირებით. საქართველო უნდა იყოს ისეთ ქვეყნებს შორის, რომლის მომავალიც ევროკავშირშია. "ქართული ოცნების" რიტორიკა არა მხოლოდ კონსერვატიულია, ძალიან ხშირად ანტიდემოკრატიულია. ეს არ არის ერთი ადამიანის განცხადება. ჩვენ პარტიის რამდენიმე წევრისგან ვიხილეთ მიუღებელი განცხადებები და არც ცდილობენ დამალონ, რომ ასეთ პოზიციებს იჭერენ. თქვენ შეიძლება, იყოთ კონსერვატიული, ანტიდემოკრატიული პარტია და თუ ქართველ ხალხს ასეთი პარტიის არჩევა სურს, მათი საქმეა, მაგრამ პროგრესულ სოციალურ-დემოკრატიულ პარტიებში თქვენი ადგილი არ არის".

ცნობისთვის: 4 მაისს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში გამართულ კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მიიღო მონაწილეობა. მან ისაუბრა, რომ "მტრული ძალები საქართველოში ოჯახური ღირებულებების განადგურებას ცდილობენ“.

დაახლოებით 20-წუთიან გამოსვლაში პრემიერმა თქვა, რომ „საქართველო ფლობს სუპერძალას“ და დასძინა, რომ ეს სუპერძალა არის “რწმენა, ჩვენი ოჯახები, ტრადიციები, მარადიული და უნივერსალური ფასეულობები. სწორედ ამ ძალთა გაერთიანებით ჩვენ შევძლებთ დავუპირისპირდეთ ყალბი თავისუფლების და ყალბი სიმართლის სახელით მოსულ ბოროტებას”.

ამასთან, მან დაგმო „ლგბტქ+ პროპაგანდა“ და „თავსმოხვეული ინოვაციები“, „ბავშვებისთვის გენდერის შეცვლის პროცედურის დაკანონება“. საქართველოს პრემიერის თქმით, ისინი ცდილობენ, დაავიწყებინონ ხალხს „ოჯახი და რწმენა, რადგან ფესვების არმქონე ადამიანის გაკონტროლება უფრო მარტივია“.

მოგვიანებით, "ევროპელი სოციალისტების პარტიამ", რომლის დამკვირვებელი წევრიცაა საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, ხსენებულ კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა დაგმო და აღნიშნა, რომ ივნისში დაგეგმილ სამიტზე "ოცნების" წევრობის სტატუსის საკითხს გადახედავდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S