ევროპარლამენტარი: "ვიმედოვნებ, საქართველოს ხელისუფლება ორბანის და პუტინის მიმართულებას აღარ აირჩევს"
08/05/2023 19:07:55 პოლიტიკა
"ევროპის სოციალისტური პარტიის" წევრი, ევროპარლამენტარი ტეის როიტენი იმედს გამოთქვამს, რომ "საქართველოს ხელისუფლება ორბანის და პუტინის მიმართულებას აღარ აირჩევს". ამის შესახებ მან "ფორმულას" ეთერში ისაუბრა.
"ვიმედოვნებ, საქართველოს ხელისუფლება შეცვლის თავის პოზიციას, დაშორდება ორბანს, შეცვლის კურსს უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ორბანის და პუტინის მიმართულებას აღარ აირჩევს, რომელიც არასწორი მიმართულებაა. საქართველოს ხელისუფლება ასოცირდება ორბანთან და მემარჯვენე ძალებთან. ეს არ არის ის ადგილი, სადაც ქვეყანა და საქართველოს მთავრობა უნდა იმყოფებოდეს", – განაცხადა, "ფორმულას" ცნობით, ევროპარლამენტარმა.
მისი თქმით, პოლიტიკურ გაერთიანებაში "ქართული ოცნებისთვის" სტატუსის შეჩერებაზე ერთსულოვნებაა და საქართველოს მმართველ პარტიას გაერთიანებიდან გარიცხავენ.
როგორც მან აღნიშნა, "ევროპის სოციალისტური პარტიის" უკმაყოფილება "ქართული ოცნების" მისამართით არახალია.
"ეს უკმაყოფილება გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. 2021 წელს საქართველოში "პრაიდის" მონაწილეებზე თავდასხმა მოხდა, რაც ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, რუსული სტილის "უცხოური აგენტების გავლენის შესახებ" კანონპროექტის შემოღებაზე იყო საუბარი. ასევე იყო ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართულ ოცნებას" ლგბტ თემის უფლებები კიდევ უფრო უნდა შეეზღუდა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს ევროკავშირთან დაახლოება, ხოლო მთავრობამ უნდა იმუშაოს 12 პრიორიტეტზე. "ოცნება" კონსერვატორებთან და ორბანთან ასოცირებით ნამდვილად საკუთარ თავს გამორიყავს "სოციალისტური და პროგრესული პარტიების" ჯგუფიდან. იმედი მაქვს, რომ ივნისში ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ", - განაცხადა, "ფორმულას" ცნობით, როიტენმა.
ცნობისთვის: 4 მაისს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში გამართულ კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მიიღო მონაწილეობა. მან ისაუბრა, რომ "მტრული ძალები საქართველოში ოჯახური ღირებულებების განადგურებას ცდილობენ“.
დაახლოებით 20-წუთიან გამოსვლაში პრემიერმა თქვა, რომ „საქართველო ფლობს სუპერძალას“ და დასძინა, რომ ეს სუპერძალა არის “რწმენა, ჩვენი ოჯახები, ტრადიციები, მარადიული და უნივერსალური ფასეულობები. სწორედ ამ ძალთა გაერთიანებით ჩვენ შევძლებთ დავუპირისპირდეთ ყალბი თავისუფლების და ყალბი სიმართლის სახელით მოსულ ბოროტებას”.
ამასთან, მან დაგმო „ლგბტქ+ პროპაგანდა“ და „თავსმოხვეული ინოვაციები“, „ბავშვებისთვის გენდერის შეცვლის პროცედურის დაკანონება“. საქართველოს პრემიერის თქმით, ისინი ცდილობენ, დაავიწყებინონ ხალხს „ოჯახი და რწმენა, რადგან ფესვების არმქონე ადამიანის გაკონტროლება უფრო მარტივია“.
მოგვიანებით, "ევროპელი სოციალისტების პარტიამ", რომლის დამკვირვებელი წევრიცაა საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, ხსენებულ კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა დაგმო და აღნიშნა, რომ ივნისში დაგეგმილ სამიტზე "ოცნების" წევრობის სტატუსის საკითხს გადახედავდნენ.


