„ნაციონალური მოძრაობა“ "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ვენეციის კომისიაში გააგზავნოს და დაელოდოს ეუთო/ოდირის შეფასებას
09/05/2023 09:47:34 პოლიტიკა
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო უმრავლესობას „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების ვენეციის კომისიაში გაგზავნისკენ მოუწოდებს. ამასთან, მიმართავს, დასკვნის მიღებამდე ეუთო/ოდირის შეფასებებს დაელოდოს.
დეპუტატი ანა წითლიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციატივას ქვეყნის ევროპული კურსის საბოტაჟად აფასებს, ვინაიდან, მისი თქმით, დაინიცირებული ცვლილებები ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მომზადებული 12 -პუნქტიან გეგმასთან მოდის წინააღმდეგობაში, რომელშიც საარჩევნო რეფორმა ერთ–ერთი მთავარი საკითხია.
"მაშინ როცა ხელისუფლების მთელი ძალისხმევა კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ უნდა იყოს მიმართული, დაგეგმილი ცვლილებით "ქართული ოცნება" პროცესს საბოტაჟს უცხადებს. ცენტრალური და საოლქო კომისიები ისედაც "ქართული ოცნების" მიერ კონტროლდებოდა. კონტროლდებოდნენ ე.წ. დამოუკიდებელი წევრებიც, რომლებიც პირდაპირ "ქართული ოცნებიდან" ინიშნებოდნენ. პარლამენტში ინიცირებული ცვლილებებით "ქართული ოცნება" 0.1% შანსსაც კი არ ტოვებს, რომ ცენტრალური და საოლქო კომისიები დამოუკიდებელი იყვნენ.
იმის მიუხედავად, რომ ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიები რეალურად არიან "ქართული ოცნების" შტაბები და არა დამოუკიდებელი საარჩევნო ორგანიზაციები, ხელისუფლებას მათი 100%"-იანი კონტროლის საშუალება ექნება", - განაცხადა ანა წითლიძემ.
მოქმედი კანონმდებლობით ( „შარლ მიშელის შეთანხმების“ სულისკვეთებით იქნა მიღებული), ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები პარლამენტს ასარჩევად პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს, რომელიც მანამდე საკონკურსო კომისიას ქმნის და კონკურსს აცხადებს. ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა თავდაპირველად 2/3-იანი ქვორუმით ტარდება. იმ შემთხვევაში, თუკი ცესკოს თავმჯდომარის 2/3-ით არჩევა ვერ ხდება, კენჭი მათ სრული შემადგენლობის უმრავლესობით ეყრებათ. 2/3-იანი ქვორუმით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობას 5-წლიანი ვადით იკავებს, უბრალო უმრავლესობით დამტკიცებული – 6 თვით. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობის წევრებმა მამუკა მდინარაძემ, გივი მიქანაძემ, დავით მათიკაშვილმა, რატი იონათამიშვილმა და ირაკლი შატაკიშვილმა მოამზადეს „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება, კერძოდ, თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. მასვე ექნება უფლებამოსილება, გამოცხადდეს კონკურსი და დაკომპლექტდეს შესარჩევი კომისია. გარდა ამისა, იცვლება კანდიდატთა მხარდაჭერისთვის საჭირო ხმათა რაოდენობაც და მათ ასარჩევად სრული შემადგენლობის უმრავლესობა (76 ხმა) იქნება საკმარისი ნაცვლად კვალიფიციურისა. ამ შემთხვევაში ისინი თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.


