„ქოცები" კონსერვატორები არ არიან, არც – ლიბერალები, ნებისმიერი ვინმე გახდებიან, შეიძლება, ლგბტ პრაიდზე დადგნენ, თუ ეს ხელისუფლების შენარჩუნებას დასჭირდება"
09/05/2023 10:42:40 პოლიტიკა
დეპუტატი "გორჩიდან" იაგო ხვიჩია ეხმიანება „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ პოზიციას, რომ გადახედავენ მათ პოლიტიკურ ოჯახში "ქართული ოცნების" სტატუსს.
ხვიჩია დარწმუნებულია, რომ ზოგადად, "ქართული ოცნება" რაიმე იდეოლოგიას არ მიჰყვება და მიზანი მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაა.
"ეს ხალხი ძალიან ცდება, რომ "ქოცებს" "კონსერვატიულ პარტიას" ეძახის და აქედან ნებისმიერი დაშვება მცდარია, რადგან "ქოცები" არანაირი კონსერვატორები არ არიან, არც – ლიბერალები. ზოგადად, "ქართული ოცნება" არ არის იდეოლოგიზებული პარტია. ისინი ნებისმიერი ვინმე გახდებიან, ხვალ შეიძლება, ლგბტ უფლებების დაცვა დაიწყონ. დღეს ხომ კონსერვატორები იყვნენ, ხვალ შეიძლება წავიდნენ და ლგბტ პრაიდზე დადგნენ, თუ ხელისუფლების შენარჩუნებას სჭირდება. ამიტომ, არასწორია ჩვენი მეგობრების და პარტნიორების მოსაზრება "ქართული ოცნების" კონსერვატორობასთან დაკავშირებით.
უნგრეთში გამოსვლას [ კონსერვატორთა ფორუმზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა– რედ.] რაც შეეხება, არათანმიმდევრული და ტყუილია, მანამდე აქ კვოტირების კანონზე რომ მსჯელობ, ანტიდისკრიმინაციულ კანონს იღებ, ბავშვთა კოდექსს და მასზე არ გამოვა კონსერვატორობა. "ქალი არის დედა და კაცი მამაო", რომ იტყვი, კონსერვატორობა მაგას არ ნიშნავს. სინამდვილეში კონსერვატორობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ძველ წესებს, რომლითაც ვცხოვრობდით და გამოგვადგა. ჩვენ ძველ წესებს, რომლითაც ვცხოვრობდით, ერქვა კომუნისტური წესები და ითვალისწინებდა ჩვენს დამონებას. როცა ვსაუბრობთ, რომ კონსერვატორები ვართ, ნიშნავს, რომ ამ კომუნისტურ წესებს ვცემთ პატივს ან მანამდე ცარისტულ წესებს, რომელიც ჩვენ მონობაში გვაცხოვრებდა. ამიტომ, საქართველოში კონსერვატორიზმი სულ სასაცილოდ გამოიყურებოდა. ჩვენ სინამდვილეში ახლა უნდა შევქმნათ რაღაც ტრადიციები, რომელსაც მომავალში ვიღაც დაეყრდნობა და ჩაითვლება ტრადიციებად და კონსერვატორობად, თორემ, როცა მონობიდან გამოდიხარ, რა კონსერვატორიზმზე ვსაუბრობთ?"- განაცხადა ხვიჩიამ.


