ცესკო დისკრედიტაციას უწოდებს "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე კრიტიკას
09/05/2023 12:50:03 პოლიტიკა
პარლამენტში საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს და ინიციატივაზე ოპოზიციის რეაქციას ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოეხმაურა.
9 მაისს გამართულ ბრიფნგზე ცესკო–ს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა "დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის შემცველი განცხადებები" უწოდა "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე კრიტიკას:
"ადამიანებს, რომლებიც დემოკრატიის მაღალ სტანდარტებზე საუბრობენ, სამწუხაროდ ავიწყდებათ უდანაშაულობის პრეზუმფცია საარჩევნო ადმინისტრატორებთან მიმართებაში და საკუთარი განცხადებებით არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების, არამედ ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტირებას ახდენენ...
ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, ეს დისკრედიტაციული კამპანია მიმართულია საარჩევნო ადმინისტრაციის აშკარა წარმატების დასაჩრდილად. სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ თვალნათლივ ნახა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად ჩაატარა შუალედური/რიგგარეშე არჩევნები".
ამასთან, პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას შეხება არ აქვს იმ პროცესთან, რაც პარლამენტში საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
"გვინდა მოვუწოდოთ პოლიტიკოსებს, საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვა მხარეებს, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა შეაფასონ მხოლოდ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით და ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გამო, რადგან საარჩევნო პროცესის წარმატებით განხორციელება ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესშია", - განაცხადა ნათია იოსელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მოქმედი კანონმდებლობით ( „შარლ მიშელის შეთანხმების“ სულისკვეთებით იქნა მიღებული), ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები პარლამენტს ასარჩევად პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს, რომელიც მანამდე საკონკურსო კომისიას ქმნის და კონკურსს აცხადებს. ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა თავდაპირველად 2/3-იანი ქვორუმით ტარდება. იმ შემთხვევაში, თუკი ცესკოს თავმჯდომარის 2/3-ით არჩევა ვერ ხდება, კენჭი მათ სრული შემადგენლობის უმრავლესობით ეყრებათ. 2/3-იანი ქვორუმით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობას 5-წლიანი ვადით იკავებს, უბრალო უმრავლესობით დამტკიცებული – 6 თვით. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობის წევრებმა მამუკა მდინარაძემ, გივი მიქანაძემ, დავით მათიკაშვილმა, რატი იონათამიშვილმა და ირაკლი შატაკიშვილმა მოამზადეს „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება, კერძოდ, თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. მასვე ექნება უფლებამოსილება, გამოცხადდეს კონკურსი და დაკომპლექტდეს შესარჩევი კომისია. გარდა ამისა, იცვლება კანდიდატთა მხარდაჭერისთვის საჭირო ხმათა რაოდენობაც და მათ ასარჩევად სრული შემადგენლობის უმრავლესობა (76 ხმა) იქნება საკმარისი ნაცვლად კვალიფიციურისა. ამ შემთხვევაში ისინი თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.


