პრეზიდენტი: "ევროპა ტოტალიტარიზმის დამარცხებაა და ვიდრე ყველა ოკუპირებული ტერიტორია არ იქნება გათავისუფლებული, გამარჯვება არ მიიღწევა"
09/05/2023 17:33:16 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ევროპა ტოტალიტარიზმის დამარცხებაა და ვიდრე ყველა ოკუპირებული ტერიტორია არ იქნება გათავისუფლებული, გამარჯვება არ მიიღწევა". ამის შესახებ მან ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"დღეს არის 9 მაისი და ვითომ რაღაც დაპირისპირებაა ამ 9 მაისის, რომელსაც ჰქვია ევროპის დღე, თავისუფლების დღე, მომავლის დღე და იმ 9 მაისის, რომელმაც დაამარცხა ნაციზმი. არა, ეს ერთია. ტოტალიტარიზმის დამარცხება არის სწორედ ევროპა, ტოტალიტარიზმის დამარცხება არის სწორედ თავისუფლება და სანამ ბოლო ტოტალიტარიზმი არ დამარცხდება, სანამ ყველა ოკუპირებული ტერიტორია არ იქნება გათავისუფლებული, ჯერ ბოლო გამარჯვება არ იქნება. ჩვენ ვართ გზა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისთვის, აფხაზი და ოსი მოსახლეობისთვის. ჩვენ ვართ გზა ევროპისკენ. ჩვენ ვართ გზა მშვიდობისკენ. ჩვენ ვართ გზა თავისუფლებისკენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, "ყველანაირად ყველა უნდა ვაიძულოთ, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შანსი ხელიდან არ გავუშვათ".
"ყველა, ვინც აქ დგახართ, ძალიან ბევრ თქვენგანს ჰყავს ოჯახი ევროპაში, არის ნამყოფი ევროპაში, სწავლობდა ევროპაში ან იმედი აქვს, რომ ისწავლის ან იმუშავებს ევროპაში. ჩემი იმედი ცოტა სხვანაირია, ჩემი იმედია, რომ ევროპა აქ შემოვიყვანოთ, აქ მივიღოთ ყველაფერი ის, რისთვისაც ჩვენ მივდივართ ევროპაში, აქ იყოს ის ცხოვრების სტანდარტი, ის სამუშაო სტანდარტები, აქ იყოს ის კეთილდღეობა, რასაც სხვაგან ვეძებთ. ჩვენ ევროპასთან საერთო ბევრი გვაქვს, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არანაკლებია და აქ შემოვიყვანოთ ევროპელები", – განაცხადა პრეზიდენტმა.


