საქართველოს პრეზიდენტი: საბჭოთა პერიოდის დროს შავი ზღვა იყო კედელი, დღეს კი ხიდია
09/05/2023 17:48:43 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას შავი ზღვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ჩვენ ევროპასთან საერთო ბევრი გვაქვს, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არანაკლებია და აქ შემოვიყვანოთ ევროპელები. ჩვენ გვაქვს გამოხატულება სწორედ იმ შავი ზღვის, რომლის ნაწილი ვართ და რომელიც დღეს უკვე და ხვალ საქართველოს და ევროპის გამაერთიანებელი იქნება. ის შავი ზღვა, რომელიც ჩვენ გვაშორებდა მთელი ამ საბჭოთა პერიოდის დროს, ეს იყო კედელი, დღეს უკვე არის ხიდი, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი რამ მოუტანოს არამხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპასაც ძალიან ბევრს მოუტანს. კარგად ესმით ჩვენი სტრატეგიული ადგილი და ჩვენი სამომავლო როლი. თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ვიყოთ იქ, სადაც საჭიროა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თვით ევროპისთვის", – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ევროკავშირი ერთადერთი გაერთიანებაა ისტორიაში, რომელმაც ქვეყნებს იდენტობა და მშვიდობა შეუნარჩუნა.
"ევროპა არის მშვიდობა. ისტორიაში ქვეყნების ასეთი გაერთიანება ერთადერთია, რომელმაც ამ ქვეყნებს თავიანთი იდენტობა სრულად შეუნარჩუნა და შეუნარჩუნა მათ მშვიდობა. არცერთ ქვეყანას არ დაესხა თავს ევროპა. ეს არის ნამდვილი მშვიდობიანი მომავალი, რაც არ უნდა ვიღაცები ლაპარაკობდნენ რაღაც ფრონტებზე, რაც სრულიად გაუგებარია. ჩვენი მშვიდობიანი, ჩვენი თავისუფალი მომავალი არის მათთან ერთად, მაგრამ ჩვენი იდენტობით, ჩვენი ღირებულებებით და ჩვენი განვითარებით, ეს რაც მთავარია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.


