პაპუაშვილი ოპოზიციას პარტიების უკანონო დაფინანსებაში ადანაშაულებს და აუდიტს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს
10/05/2023 09:02:45 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები "ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით უკანონოდ ფინანსდებიან". იგი ასახელებს პარტია გირჩს", "დროას", "ევროპულ საქართველოს" და აუდიტის სამსახურს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
"ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ გამოაშკარავდა ასეთი სქემები "გირჩის", "დროას" და "ევროპულ საქართველოს" შემთხვევაში. ჩამოყალიბებულია ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არა უბრალოდ აფილირებულები არიან ამ პარტიებთან, არამედ პირდაპირ მათი ლიდერების დაფუძნებულია, იმართება მათ მიერ და ხდება პოლიტიკური ფულის გრანტად გაფორმება, რაც არის პარტიების უკანონო დაფინანსება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით და ზოგადად, ამ ორგანიზაციებმაც გამოაქვეყნონ ინფორმაცია საკუთარი დაფინანსების თაობაზე, მათ შორის – დონორებმა, რომლებიც აფინანსებენ ამ ორგანიზაციებს, თუნდაც IRI-მ გამოაქვეყნოს ინფორმაცია, რა მოცულობის თანხით აფინანსებს ყალბ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც სინამდვილეში "გირჩის" პარტიის გაგრძელებაა, რა თანხით, რა მიზნებისთვის აფინანსებს, რატომ ხდება IRI-ს მიერ გადახდილი ფულით ახალგაზრდების იარაღთან შეჩვევა და რევოლუციური სცენარების დანერგვა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რამდნეიმე თვის წინ ამბობდა, რომ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა "დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი" (NED) და "ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის" (EED) საქართველოში "ექსტრემიზმსა და პოლარიზაციას აფინანსებენ". ეს განცხადება მან მაშინ გააკეთა, როდესაც პარლამენტში "უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის" მიღება განიხილებოდა. კობახიძემ თქვა, რომ ამ ცვლილების მიზანი გამჭვირვალობაა, რათა "საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ვინ საიდან ფინანსდება".
მას შემდეგ რაც კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, საქართველოში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. აღნიშნულს საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან კანონპროექტის უკან გაწვევა მოჰყვა.


