Accentnews.ge
"არ შეიძლება, საქართველოში რუსულენოვანი ბაგა-ბაღები გაიხსნას, რომელშიც ქართული ენა აუცილებელი არ იქნება იმ ბავშვებისთვის, რომლებიც დღეს აქ ცხოვრობენ"

"არ შეიძლება, საქართველოში რუსულენოვანი ბაგა-ბაღები გაიხსნას, რომელშიც ქართული ენა აუცილებელი არ იქნება იმ ბავშვებისთვის, რომლებიც დღეს აქ ცხოვრობენ"

10/05/2023 12:40:48 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მეტი კონტროლია საჭირო რუსეთის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც საქართველოში შემოდიან და რჩებიან.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, "აუცილებელია მიღებული იყოს ზომები, რომ ეს ყველაფერი ცივილიზებულ ჩარჩოებში ჩაჯდეს":

„ჩვენ ძალიან ტოლერანტი ქვეყანა ვართ, ყველას ვიღებთ და ეს უკვე გამოჩნდა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მაგრამ რაღაცები არის, რაც არ შეიძლება, რომ მოხდეს ქვეყანაში. არ შეიძლება, რუსულენოვანი ბაგა-ბაღები გაიხსნას, სადაც არ იქნება აუცილებელი, რომ ქართული ენაც თანადროულად იყოს აუცილებელი ამ ბავშვებისთვის, რომლებიც დღეს საქართველოში ცხოვრობენ. არ შეიძლება, რომ არ დაწესდეს სხვადასხვა ზომა სხვადასხვა პროფესიებზე და არის მოთხოვნები ადამიანებზე, რომლებიც ეწევიან ამა თუ იმ პროფესიას, ეს ნიშნავს ლიცენზირებას თუნდაც ტაქსის მძღოლებზე, გიდებზე და კიდევ ბევრ სხვა პროფესიაზე. ეს არის დაცულობა ჩვენი საზოგადოების და ეს არის სწორი პასუხი დღევანდელ პროვოკაციაზე".

მანამდე, ზურაბიშვილმა ხელისუფლებას უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, დროა, განხილული იყოს რუსეთის მოქალაქეებისთვის 3-თვიანი ვიზების დაწესების საკითხი.

  • რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.

პუტინის შესაბამისი განკარგულების მიხედვით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

  • დღესვე რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთი ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმად, რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება. კერძოდ, მან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება გააუქმა. დოკუმენტი დღევანდელი თარიღით არის გამოცემული და ხელმოწერისთანავე ამოქმედდა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებრვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის თებერვალში გამოსცა.

რაც შეეხება ფრენებს, პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ რუსეთიდან საქართველოში თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე ცნობები არაერთხელ გავრცელდა. მიმდინარე წლის 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის უსწრაფესი აღდგენის იმედი აქვს.

მოსკოვის ინიციატივას საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა საჯაროდ დაუჭირეს მხარი. გამონაკლისს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდა.

მოსკოვის ამ ინიციატივის მხარდაჭერისას "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არგუმენტად კრემლის სადეზინფორმაციო ნარატივი მოიყვანა რუსეთში საქართველოს ვითომდა მილიონამდე მოქალაქის ცხოვრების თაობაზე. ეს სრული სიცრუეა, რადგან თავად რუსეთის საყოველთაო აღწერის ბოლო ოფიციალური მონაცემების თანახმადაც კი, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 200 ათასსაც კი არ აღწევდა, ბოლო წელს კი ეს რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდებოდა იმის გამო, რომ რუსეთის უამრავი მოქალაქის მსგავსად, პუტინის სამხედრო მობილიზაციას რუსეთიდან უამრავი ქართველი მამაკაციც გამოექცა.

საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა "ქართული ოცნება" რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში მოსალოდნელი სანქციების შესახებ უკვე გააფრთხილეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S