სამადაშვილი: საქართველოს ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, უარი განაცხადოს პირდაპირ ფრენებზე და რუსეთთან სავიზო რეჟიმი აღადგინოს
10/05/2023 12:51:30 პოლიტიკა
„ლელოს“ წევრი დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებისგან მოითხოვს, უარი განაცხადოს პირდაპირ ფრენებზე და რუსეთთან სავიზო რეჟიმი აღადგინოს.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს „ლელოს“ იმ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს გაამკაცრებს.
„დღეს რუსეთის მთავარ ამოცანას წარმოადგენს გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ვერ მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი და ამაში ცხადია, მათი მოკავშირე არის სწორედ ის ხელისუფლება, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს. ჩვენ როგორც ევროკავშირმა, ასევე აშშ-მა ცალსახად გვითხრა, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა რუსეთის ფედერაციასთან იქნება განხილული როგორც ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. შესაბამისად, პირველი რა განცხადებასაც ველოდებით ხელისუფლებისგან, თუ მათ ცხადია, არ აქვთ გადაწყვეტილი რუსეთთან ერთად ჩაშალონ საბოლოოდ კანდიდატის მიღების შანსი, არის განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იზიარებს ამ პოზიციას და პირდაპირი ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის, სანამ რუსეთი არის სანქცირებული, ვერ აღდგება. რუსეთის ფედერაციის ცალმხრივი გადაწყვეტილების უფლებამოსილებაა გააუქმოს ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაგრამ ჩვენი უფლებამოსილებაა, როგორც სუვერენული სახელმწიფოსი რა სავიზო რეჟიმი გვექნება რუსეთისთვის დაწესებული. „ლელო“ დიდი ხანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან ითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაადგას ნაბიჯები, რომელიც გაამკაცრებს სავიზო რეჟიმს რუსეთის მოქალაქეებისთვის. [...] თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ დღეს საქართველოს მართავს პუტინის მოკავშირე რეჟიმი, იმედია, რომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებამ, რომელიც აშკარადაა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დაჯილდოება, ყველა დაარწმუნა ამაში!“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
- რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.
პუტინის შესაბამისი განკარგულების მიხედვით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ.
- დღესვე რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთი ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმად, რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება. კერძოდ, მან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება გააუქმა. დოკუმენტი დღევანდელი თარიღით არის გამოცემული და ხელმოწერისთანავე ამოქმედდა.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებრვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის თებერვალში გამოსცა.
რაც შეეხება ფრენებს, პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ რუსეთიდან საქართველოში თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი.
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე ცნობები არაერთხელ გავრცელდა. მიმდინარე წლის 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის უსწრაფესი აღდგენის იმედი აქვს.
მოსკოვის ინიციატივას საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა საჯაროდ დაუჭირეს მხარი. გამონაკლისს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდა.
მოსკოვის ამ ინიციატივის მხარდაჭერისას "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არგუმენტად კრემლის სადეზინფორმაციო ნარატივი მოიყვანა რუსეთში საქართველოს ვითომდა მილიონამდე მოქალაქის ცხოვრების თაობაზე. ეს სრული სიცრუეა, რადგან თავად რუსეთის საყოველთაო აღწერის ბოლო ოფიციალური მონაცემების თანახმადაც კი, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 200 ათასსაც კი არ აღწევდა, ბოლო წელს კი ეს რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდებოდა იმის გამო, რომ რუსეთის უამრავი მოქალაქის მსგავსად, პუტინის სამხედრო მობილიზაციას რუსეთიდან უამრავი ქართველი მამაკაციც გამოექცა.
საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა "ქართული ოცნება" რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში მოსალოდნელი სანქციების შესახებ უკვე გააფრთხილეს.


