ლევან ხაბეიშვილი: პუტინმა საქართველო ფაქტობრივად რუსეთის გუბერნიად გამოაცხადა
10/05/2023 13:16:08 პოლიტიკა
"პუტინმა საქართველო ფაქტობრივად რუსეთის გუბერნიად გამოაცხადა", – ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთან ფრენების აღდგენასა და ქართველებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე.
მისი თქმით, "პუტინმა „რუსულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა".
"ცინიზმის მწვერვალია, როცა ამის პარალელურად ყოველდღიურად აწიოკებენ ქართველ ხალხს, აგრძელებენ ოკუპაციას და რუსის ჯარი დგას საქართველოს ტერიტორიაზე. ქართველი ხალხის ნება ურყევია! ჩვენ ვირჩევთ ევროპას და არა რუსეთს! წარმოუდგენელია, ასეთ ისტორიულ დროს, რუსეთის ღია პარტნიორად საქართველო. უდიდესი წუხილი და დარდი მაქვს ამის გაფიქრებაზეც კი. ყველაფერს გავაკეთებ თქვენთან ერთად, რომ ეს სამარცხვინო ფურცელი გადავშალოთ და ჩვენს ისტორიულ, ევროპულ ოჯახში შევაბიჯოთ“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
- რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.
პუტინის შესაბამისი განკარგულების მიხედვით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ.
- დღესვე რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთი ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმად, რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება. კერძოდ, მან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება გააუქმა. დოკუმენტი დღევანდელი თარიღით არის გამოცემული და ხელმოწერისთანავე ამოქმედდა.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებრვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის თებერვალში გამოსცა.
რაც შეეხება ფრენებს, პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ რუსეთიდან საქართველოში თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი.
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე ცნობები არაერთხელ გავრცელდა. მიმდინარე წლის 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის უსწრაფესი აღდგენის იმედი აქვს.
მოსკოვის ინიციატივას საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა საჯაროდ დაუჭირეს მხარი. გამონაკლისს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდა.
მოსკოვის ამ ინიციატივის მხარდაჭერისას "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არგუმენტად კრემლის სადეზინფორმაციო ნარატივი მოიყვანა რუსეთში საქართველოს ვითომდა მილიონამდე მოქალაქის ცხოვრების თაობაზე. ეს სრული სიცრუეა, რადგან თავად რუსეთის საყოველთაო აღწერის ბოლო ოფიციალური მონაცემების თანახმადაც კი, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 200 ათასსაც კი არ აღწევდა, ბოლო წელს კი ეს რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდებოდა იმის გამო, რომ რუსეთის უამრავი მოქალაქის მსგავსად, პუტინის სამხედრო მობილიზაციას რუსეთიდან უამრავი ქართველი მამაკაციც გამოექცა.
საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა "ქართული ოცნება" რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში მოსალოდნელი სანქციების შესახებ უკვე გააფრთხილეს.


