ქადაგიშვილი – პუტინის გადაწყვეტილების შესახებ: "თუ ეს პროვოკაციაა, მე მოვუწოდებ პრეზიდენტს და ყველას, რომ არ ავყვეთ"
10/05/2023 14:52:04 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პასუხობს, რომ თუკი რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენასა და უვიზო მიმოსვლის თაობაზე "პროვოკაციაა", "არ ავყვეთ". ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.
"როგორც ქალბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, ეს არის მორიგი რუსული პროვოკაცია. თუ ეს პროვოკაციაა, მე მოვუწოდებ მასაც და ყველას, პროვოკაციას არ ავყვეთ. ეს არის ნომერ პირველი ანტიდოტი ასეთ შემთხვევაში. საქართველოს რაიმე შეღავათი არავისთვის უთხოვია. ეს მათი გადაწყვეტილებაა. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთი არის ის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, პროვოკაციის მოწყობა, ნებისმიერ მომენტში აგრესიის გამოხატვა, ალბათ, უნდა ვიცოდეთ, რომ არ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც მის ამ პროვოკაციას, ან სხვა ტიპის ესკალაციას, ან აგრესიას შესაძლებელს ხდის. მე მგონი, სჯობს, გავაგრძელოთ სვლა იქით, საითკენაც მივდივართ და ჩვენვე ნუ შევქმნით ახალ დაძაბულობის კერას", – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მმართველი პარტიის წევრმა დეპუტატმა, ასევე აღნიშნა, რომ გაუქმებული პირდაპირი ავიარეისები რუსეთთან "დიდი ტვირთი და წვალება" იყო იმ მოქალაქეებისთვის, ვინც იქ ცხოვრობს ან ნათესავები ჰყავს:
"ეს ტვირთი კონკრეტულ ადამიანებს ერთგვარად მოეხსნებათ".
- რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.
პუტინის შესაბამისი განკარგულების მიხედვით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ.
- დღესვე რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთი ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმად, რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება. კერძოდ, მან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება გააუქმა. დოკუმენტი დღევანდელი თარიღით არის გამოცემული და ხელმოწერისთანავე ამოქმედდა.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებრვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის თებერვალში გამოსცა.
რაც შეეხება ფრენებს, პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ რუსეთიდან საქართველოში თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი.
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე ცნობები არაერთხელ გავრცელდა. მიმდინარე წლის 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის უსწრაფესი აღდგენის იმედი აქვს.
მოსკოვის ინიციატივას საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა საჯაროდ დაუჭირეს მხარი. გამონაკლისს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდა.
მოსკოვის ამ ინიციატივის მხარდაჭერისას "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არგუმენტად კრემლის სადეზინფორმაციო ნარატივი მოიყვანა რუსეთში საქართველოს ვითომდა მილიონამდე მოქალაქის ცხოვრების თაობაზე. ეს სრული სიცრუეა, რადგან თავად რუსეთის საყოველთაო აღწერის ბოლო ოფიციალური მონაცემების თანახმადაც კი, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 200 ათასსაც კი არ აღწევდა, ბოლო წელს კი ეს რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდებოდა იმის გამო, რომ რუსეთის უამრავი მოქალაქის მსგავსად, პუტინის სამხედრო მობილიზაციას რუსეთიდან უამრავი ქართველი მამაკაციც გამოექცა.
საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა "ქართული ოცნება" რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში მოსალოდნელი სანქციების შესახებ უკვე გააფრთხილეს.


