პაპუაშვილი: საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ არ შეუძლია რუსეთთან ურთიერთობების ესკალაცია

10-05-2023 21:29:27

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო აგრძელებს ევროპული მოთხოვნის შესრულებას, მაგრამ არ შეუძლია რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება. ასე გამოეხმაურა პაპუაშვილი ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილების, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს ჯერ კიდევ 23 წლის წინ დაწესებული სავიზო რეჟიმი გაუუქმა, ასევე გააუქმა მის მიერვე 2019 წელს ცალმხრივად დაწესებული აკრძალვა პირდაპირი ფრენების თაობაზე.

„სანქციების დაწესებაც და მოხსნაც არის რუსეთის საკითხი და, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ რაიმე გავლენა ვერ გვექნებოდა“, – თქვა პაპუაშვილმა.

მისი მტკიცებით, საქართველო არ გახდება ის ტერიტორია, სადაც სანქციებისთვის გვერდის ავლა იქნება შესაძლებელი. ამასთან, პარლამენტის სპიკერმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესებას:

„საქართველომ ორი რამე განაცხადა მკაფიოდ, რომ ჩვენ ევროპულ განაცხადს მივყვებით კეთილსინდისიერად. ასევე, საქართველო არ გახდება ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ გვერდი აუაროს ნებისმიერმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა იმ სანქციებს, რომელიც დაწესებულია რუსეთის მიმართ და საქართველო ამ დანაპირებს პატიოსნად და კეთილსინდისიერად ასრულებს. საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციები დაუწესოს რუსეთს და ამ პრინციპსაც მივყვებით. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ასევე, ჩვენი მოსახლეობა დარწმუნდა, რომ ეს არის ყველაზე სწორი და კეთილსინდისიერი მიდგომა: ერთი მხრივ, ჩვენ პირნათელი ვართ იმ საერთაშორისო ძალისხმევის მიმართ, რაც გულისხმობს სანქციების შეზღუდვებით რუსეთის იძულებას, რომ შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინაში, მეორე მხრივ – ჩვენ დამატებით ორმხრივ სანქციებს არ ვაწესებთ ჩვენი მოსახლეობის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს ესკალაცია ურთიერთობების, რადგან რა თქმა უნდა, საქართველო კვლავ არის გაზრდილი რისკის ქვეშ შესაძლო სამხედრო კონფლიქტის რუსეთთან. ამიტომ, ჩვენ ეროვნული ინტერესი გვკარნახობს, რომ ურთიერთობების ესკალაცია არ მოხდეს”.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა თბილისი რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში მოსალოდნელი სანქციების შესახებ კიდევ ერთხელ გააფრთხილა.

"დასავლეთის არაერთი სახელმწიფო, მათ შორის შეერთებული შტატებიც კრძალავს რუსული თვითმფრინავების მათ საჰაერო სივრცეებში შესვლას. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, ეს ჩვენს შეშფოთებას გამოიწვევს სანქციების შესაძლო დაწესების გამო იმ ქართული ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებულ თვითმფრინავებს მოემსახურებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების დრო არ არის. ქართველი ხალხისთვის, მაღალი ალბათობით, ისაა უმჯობესი, რომ პუტინმა თავისი ჯარები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპირებული 20 პროცენტიდან, ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენა ან სავიზო რეჟიმის შეცვლა" - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ "აქცენტისთვის" მოწოდებულ ოფიციალურ კომენტარში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა, "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლების მსგავსად, ცოტა ხნის წინ გაიმეორა კრემლის სადეზინფორმაციო ნარატივი რუსეთში საქართველოს ვითომდა მილიონამდე მოქალაქის ცხოვრების თაობაზე და მტკიცებაა, რომ პრეზიდენტ პუტინის დღევანდელი გადაწყვეტილებები "ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოსთან კავშირს".

საუბარია პუტინის 10 მაისის ბრძანებულებებზე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის თაობაზე.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველაფერი ის, რაც ემსახურება საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკურ გაძლიერებას და კეთილდღეობას. რა თქმა უნდა, აქვე მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ ჩვენი ქვეყნის მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მათ მოგზაურობას საქართველოში, მათ კავშირს სამშობლოსთან, რა თქმა უნდა, გაუმარტივებს მათი ოჯახის წევრებსაც ჩვენს ქვეყანასთან კავშირსაც", - განაცხადა დღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ პუტინის გადაწყვეტილების კომენტირებისას.

ანალოგიური იყო მისი არგუმენტი პუტინის მიერ პირდაპირი ფრენების აკრძალვის გაუქმებასთან დაკავშირებითაც:

„რაც შეეხება პირდაპირ ფრენებს, ნათლად, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა განვმარტოთ, რომ ჩვენ არ გვქონია შეზღუდული რუსეთთან სატრანსპორტო მოძრაობა სახმელეთო კუთხით - თვის ჭრილში ალბათ, ათასობით მანქანა მოძრაობს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უწევდა გარკვეული დროის განმავლობაში მესამე ქვეყნის გავლითა და სახმელეთო საზღვრის გამოყენებით სამშობლოში მოგზაურობა, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად აისახებოდა მათ სამოგზაურო ხარჯებზე და საკმაოდ ძვირადღირებული მომსახურება იყო. რა თქმა უნდა, პირდაპირი ფრენები წაადგება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კავშირს სამშობლოსთან“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

რუსეთში საქართველოს ვითომდა მილიონამდე მოქალაქის ყოფნის შესახებ სადეზინფორმაციო ნარატივსა და "საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვის" პრიორიტეტულობაზე აკეთებდნენ აქცენტს დღეს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც, მათ შორის - საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ოფიციალური თბილისის სახელით მიესალმა პუტინის გადაწყვეტილებას.

„ [...] მინდა, შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, თუ როდის და რა რეჟიმში იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომელმაც მოუხსნა რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზო მიმოსვლა. ჩვენი მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომლებსაც აქვთ ძალიან მჭიდრო კავშირი ადამიანებთან, მათ ახლობლებთან, ნათესავებთან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში და სწორედ ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი. გადაწყვეტილება გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს ყოფით პირობებს და საშუალებას მისცემს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შეძლონ ერთმანეთთან კომუნიკაცია, მიმოსვლა“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.პუტინის შესაბამისი განკარგულების მიხედვით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ. დღესვე რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთი ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმად, რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება. კერძოდ, მან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება გააუქმა. დოკუმენტი დღევანდელი თარიღით არის გამოცემული და ხელმოწერისთანავე ამოქმედდა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის თებერვალში გამოსცა. რაც შეეხება ფრენებს, პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ რუსეთიდან საქართველოში თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის შესახებ განცხადებები ბოლო თვეების განმავლობაში არაერთგზის გაკეთებულა. "ოცნების" ხელისუფლება ამ პერსპექტივას იმთავითვე მიესალმებოდა. მოსკოვიდან მჟღერ შესაბამის ინიციატივას საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა საჯაროდ დაუჭირეს მხარი. გამონაკლისს ამმხრივ მხოლოდ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდა.

მოსკოვის ხსენებული ინიციატივის მხარდაჭერისას "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მაშინაც არგუმენტად სწორედ კრემლის სადეზინფორმაციო ნარატივი მოიყვანა რუსეთში საქართველოს ვითომდა მილიონამდე მოქალაქის ცხოვრების თაობაზე.

რეალურად, ეს სრული სიცრუეა, რადგან თავად რუსეთის საყოველთაო აღწერის ბოლო ოფიციალური მონაცემების თანახმადაც კი, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 200 ათასსაც კი არ აღწევდა. ბოლო წელს კი ეს რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდებოდა იმის გამო, რომ რუსეთის უამრავი მოქალაქის მსგავსად, პუტინის სამხედრო მობილიზაციას რუსეთიდან უამრავი ქართველი მამაკაციც გამოექცა.

ამასთან, საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა "ქართული ოცნება" რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში მოსალოდნელი სანქციების შესახებ მაშინვე გააფრთხილეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები