კარასინმა საქართველოს პრეზიდენტს "წაუცნაურო პოლიტიკოსი" უწოდა
11/05/2023 07:29:43 პოლიტიკა
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოსთან ურთიერთობების საკითხთა კურატორმა გრიგორი კარასინმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს "წაუცნაურო პოლიტიკოსი" უწოდა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა მწვავედ გააკრიტიკა ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გაუქმების თაობაზე.
"და მაინც, ზურაბიშვილი წაუცნაურო პოლიტიკოსია. იგი აგრესიული რეაქციის პროვოციერებას ცდილობს კეთილი ნების ჟესტზე - ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებაზე. აბსურდია!" - წერს კარასინი ტელეგრამ-არხში.
კრემლის ჩვეული პროპაგანდისტული ნარატივებით გამოეხმაურა იგი პუტინის 10 მაისის გადაწყვეტილებებზე ვაშინგტონის რეაქციასაც: "აგერ, ბატონო, ნათელი ილუსტრაცია შეზღუდული სუვერენიტეტისა, რომლის დანერგვასაც ვაშინგტონი დაშინებითა და ძალით ცდილობს. რა გულუბრყვილობაა!".
ცნობისთვის: 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. პუტინის შესაბამისი განკარგულების მიხედვით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ. 10 მაისსვე გამოიცა მისი კიდევ ერთი ბრძანებულება რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე. კერძოდ, მან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება გააუქმა. დოკუმენტი ხელმოწერისთანავე ამოქმედდა.
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის შესახებ განცხადებები ბოლო თვეების განმავლობაში არაერთგზის გაკეთებულა. "ოცნების" ხელისუფლება ამ პერსპექტივას იმთავითვე მიესალმებოდა. მოსკოვიდან მჟღერ შესაბამის ინიციატივას საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა საჯაროდ დაუჭირეს მხარი მაშინაც და ახლაც. გამონაკლისს მხოლოდ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდა. მან პუტინის 10 მაისის გადაწყვეტილებები "პროვოკაციად" შეაფასა და შეახსენა ხელისუფლებას, რომ "რუსეთი დათმობებზე დათმობით არასოდეს პასუხობს - პასუხობს იმით, რაც უფრო გაართულებს ვითარებას". "არ გვჭირდება საჩუქრები დღეს რუსეთიდან, ვითომც რაღაც დათმობა" - აღნიშნა ზურაბიშვილმა და მოუწოდა "ოცნებას", "მოუსმინოს "ხალხის ძალას" კი არა, ხალხის ხმას".
"აქცენტის" მიმართვის საპასუხოდ პუტინის 10 მაისის გადაწყვეტილებებს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც. მისი წარმომადგენლის ოფიციალური კომენტარი ასეთი იყო: "დასავლეთის არაერთი სახელმწიფო, მათ შორის შეერთებული შტატებიც კრძალავს რუსული თვითმფრინავების მათ საჰაერო სივრცეებში შესვლას. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, ეს ჩვენს შეშფოთებას გამოიწვევს სანქციების შესაძლო დაწესების გამო იმ ქართული ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებულ თვითმფრინავებს მოემსახურებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების დრო არ არის. ქართველი ხალხისთვის, მაღალი ალბათობით, ისაა უმჯობესი, რომ პუტინმა თავისი ჯარები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპირებული 20 პროცენტიდან, ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენა ან სავიზო რეჟიმის შეცვლა".
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის თებერვალში გამოსცა. რაც შეეხება ფრენებს, პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ რუსეთიდან საქართველოში თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი.


