11-05-2023 14:56:16 პოლიტიკა
საქართველოში ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებებს საქართველოსთან ფრენების აღდგენასა და ქართველებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე "პროვოკაციულ ნაბიჯად" აფასებს.
მისი თქმით, "სანქციების თავიდან აცილების პროცესებში საქართველოს ჩართვის რისკი შესაძლოა, გაიზარდოს".
"ამ პროვოკაციული ნაბიჯით რუსეთი ნათლად ცდილობს, გაზარდოს საქართველოს დამოკიდებულება მასზე. ამასთან, შესაძლოა, გაიზარდოს რისკი, საქართველო ჩაერთოს სანქციების თავიდან აცილების პროცესებში. ამავდროულად, ამ მოქმედებით რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანის მცდელობა ხდება. მთავარ საკითხად კი რჩება ის ფაქტი, რომ რუსული ჯარი საქართველოს მიწაზე საერთაშორისო ნორმების დარღვევით, უკანონოდ ყოფნას განაგრძობს. გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და განაგრძობს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მხარდაჭერას, ვინაიდან ეს არის საქართველოს მოსახლეობის სურვილი და ყველა მსხვილი პოლიტიკური ძალის დეკლარირებული ამოცანა", – განუცხადა "აქცენტს" ელჩმა.
ცნობისთვის: 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.პუტინის შესაბამისი განკარგულების მიხედვით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ. 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთი ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმად, რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება. კერძოდ, მან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება გააუქმა. დოკუმენტი დღევანდელი თარიღით არის გამოცემული და ხელმოწერისთანავე ამოქმედდა.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის თებერვალში გამოსცა. რაც შეეხება ფრენებს, პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ რუსეთიდან საქართველოში თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი.