Accentnews.ge
ელჩი: უცნაურია, რომ ასეთი სისხლიანი რეჟიმის გადაწყვეტილებას ვინმე მიესალმოს

ელჩი: უცნაურია, რომ ასეთი სისხლიანი რეჟიმის გადაწყვეტილებას ვინმე მიესალმოს

11/05/2023 11:49:03 პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ნამდვილად ჩნდება კითხვები, ახლა რატომ მიიღო რუსეთმა გადაწყვეტილება, გააუქმოს ვიზები და აღადგინოს ფრენები საქართველოსთან. ელჩის შეფასებით, არავის სჯერა, რომ პუტინი საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნავს.

ამის შესახებ ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კელი დეგნანის თქმით, სხვა ქვეყანაში თავისი მოქალაქეების ყოფნას პუტინი იყენებს ხოლმე იმისა საბაბად, რომ ქვეყანში შეიჭრას.

„საქართველოში უკვე არსებობს გარკვეული შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ დაახლოებით,100 000 რუსია შემოსული და როგორც აღინიშნა, ფრენებმა შეიძლება, გამოიწვიოს ის, რომ კიდევ მილიონი ვიზიტორი შემოვიდეს საქართველოში. თუ პუტინი მართლაც ზრუნავს საქართველოში, მან უნდა გაიყვანოს რუსეთის ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან, შეასრულოს 20008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, უკან წაიღოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გადაწყვეტილება და ეს იქნებოდა გულწრფელი ჟესტი. ყველას ახსოვს, რომ 2008 წელს, რუსეთი შემოიჭრა საქართველოში. ისტორიას თუ გადავხედავთ, ის ცდილობდა, გაენადგურებინა ქართული ენა, შეურაცხყო ეკლესიები და ისევე როგორც უკრაინაში, საქართველოშიც, მისი სამინზე იყო საცხოვრებელი კორპუსები, საავადმყოფოები, ბავშვები. და ძალიან უცნაურია, რომ ასეთი სისხლიანი რეჟიმის გადაწყვეტილებას ვინმე მიესალმოს“, - განაცხადა ელჩმა დეგნანმა.

"აქცენტის" მიმართვის საპასუხოდ პუტინის 10 მაისის გადაწყვეტილებებს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც. მისი წარმომადგენლის ოფიციალური კომენტარი ასეთი იყო: "დასავლეთის არაერთი სახელმწიფო, მათ შორის შეერთებული შტატებიც კრძალავს რუსული თვითმფრინავების მათ საჰაერო სივრცეებში შესვლას. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, ეს ჩვენს შეშფოთებას გამოიწვევს სანქციების შესაძლო დაწესების გამო იმ ქართული ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებულ თვითმფრინავებს მოემსახურებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების დრო არ არის. ქართველი ხალხისთვის, მაღალი ალბათობით, ისაა უმჯობესი, რომ პუტინმა თავისი ჯარები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპირებული 20 პროცენტიდან, ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენა ან სავიზო რეჟიმის შეცვლა".

ცნობისთვის: 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.პუტინის შესაბამისი განკარგულების მიხედვით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ. 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთი ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმად, რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება. კერძოდ, მან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება გააუქმა. დოკუმენტი დღევანდელი თარიღით არის გამოცემული და ხელმოწერისთანავე ამოქმედდა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის თებერვალში გამოსცა. რაც შეეხება ფრენებს, პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ რუსეთიდან საქართველოში თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S