სააკაშვილი: "პუტინი თბილისში ჯარის შემოყვანისთვის საფუძველს ამზადებს"
11/05/2023 14:04:09 პოლიტიკა
პუტინი თბილისში ჯარის შემოყვანისთვის საფუძველს ამზადებს,– ასე აფასებს საქართველოს პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კრემლის ლიდერის გადაწყვეტილებას, საქართველოსთვის რუსეთის მიერ სხვადასხვა დროს დაწესებული ორი სანქციის მოხსნაზე. საუბარია ფრენების აკრძალვისა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე.
"პუტინს ჩემზე უკეთ საქართველოში არავინ იცნობს. გუშინდელი მისი ნაბიჯით, ის ქართველების კეთილგანწყობის მოპოვებას კი არ ცდილობს, არამედ თბილისში ჯარის შემოყვანისთვის საფუძველს ამზადებს. მას დღემდე ვერ უპატიებია ჩემთვის და ქართველი ხალხისთვის 2008 წელს რომ ეს ვერ შეძლო. რა თქმა უნდა, ის არ დაელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას, არამედ მანამდე, ბევრად უფრო სწრაფად იმოქმედებს. ამიტომ, ახლა როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება მთელი საზოგადოების კონსოლიდაციის დემონსტრაცია, რათა მან დაინახოს, რომ აქ არ ელის ადვილი გასეირნება",– ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში, მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
ამავე განცხადებაში ის საკუთარ ჯანმრთელობაზეც საუბრობს:
"რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, ყოველდღე მაქვს 160/100 წნევა, 38°C, გრძელდება წონის კლება და უკვე ყოველდღე ხდება სისხლის პლაზმის გადასხმა საჭირო იმიტომ, რომ სერიოზული პრობლემებია სისხლის ანალიზებში. ამას აქ იმიტომ ვწერ, რომ ჩემს ადვოკატებს აფერხებენ ჯანმრთელობის იმ დოკუმენტაციის მოპოვებაში, რაც კანონით გვეკუთვნის. გვისახელებენ აბსურდულ მიზეზებს, როგორიცაა თანამშრომლის შვებულებაში ყოფნა. გვაფერხებენ, რათა ვერ შევძლოთ საბუთების დროულად წარდგენა სტრასბურგში, ამავე მიზნით არ უშვებენ ევროკავშირის ექიმთა ჯგუფს, რომელიც ევროკავშირის 27 ქვეყნის მანდატით აღჭურვილი უკვე თვეების განმავლობაში მზადაა ჩამოვიდეს და ჩაერთოს ჩემი ჯანმრთელობის საკითხში".


