საქართველოს პრემიერი – პუტინის გადაწყვეტილებებზე: “ჰუმანიტარული თვალსაზრისით ძალიან დადებითი და მისასალმებელია"
11/05/2023 14:06:22 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებებს საქართველოსთან ფრენების აღდგენასა და ქართველებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე.
„ეს ჰუმანიტარული თვალსაზრისით მისასალმებელი გადაწყვეტილება იყო და არის. ყველაფერი, რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას, რა თქმა უნდა, არის დადებითი და მისასალმებელი",– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, რუსეთთან უვიზო რეჟიმი საქართველომდე უკრაინას და მოლდოვას ჰქონდა:
"ალბათ, დამისვამთ კითხვას, რომელიმე ე.წ. ასოცირებულ ქვეყანას, უკრაინას, მოლდოვას თუ აქვს უვიზო რეჟიმი რუსეთთან. აქვს, მეგობრებო. ჩვენამდე ჰქონდა უკრაინასაც და მოლდოვას დღესაც აქვს უვიზო რეჟიმი რუსეთთან. ასევე, შეგახსენებთ, რომ მოლდოვა არის დსთ-ის წევრი".


