მიხეილ დაუშვილი: „ოცნება“ „ევროპელ სოციალისტების" პარტიიდან გააგდეს, მას პარტნიორებში ნდობა აღარ გააჩნია, რაც დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის"
12/05/2023 08:51:53 პოლიტიკა
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ „ევროპელ სოციალისტების" პარტიიდან გააგდეს.
მისი თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ მმართველ პარტიას პარტნიორებში არავითარი ნდობა აღარ გააჩნია, რაც დიდი გამოწვევაა ქვეყნისთვის.
„მე არ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება” ტოვებს „ევროპელ სოციალისტებს“, ვფიქრობ, რომ ის გააგდეს და ამიტომ მმართველმა პარტიამ დაასწრო ამ გადაწყვეტილებას. მთავარი პრობლემა ის არ არის, ტოვებს თუ გადაგდეს, მთავარი პრობლემაა ის, რომ „ქართულ ოცნებას“ არავითარი ნდობა აღარ გააჩნია პარტნიორებში, რაც დიდი გამოწვევაა ქვეყნისთვის. ასეთი ტიპის მოქმედებები როგორც მინიმუმ, ხელს არ უწყობს კანდიდატის სტატუსის მიღებას და დადებით როლს არ თამაშობს", - განაცხადა დაუშვილმა.
11 მაისს ცნობილი გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტში მისი პარტნიორი „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ (PES) დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ცნობისთვის: 4 მაისს „ევროპელი სოციალისტების" პარტიამ (PES) უნგრეთში კონსერვატიულ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობის ფაქტი დაგმო და განაცხადა, რომ ივნისში დაგეგმილ პარტიის სხდომაზე "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობის საკითხს გადახედავდა.
8 მაისს PES–ს ვიცე–პრეზიდნტმა კეტი პირიმ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ პოლიტიკურ გაერთიანებაში "ქართული ოცნებისთვის" სტატუსის შეჩერებაზე ერთსულოვნებაა.


