Accentnews.ge
ზურაბიშვილი – სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: "მნიშვნელოვანია, რომ ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა საქართველოს"

ზურაბიშვილი – სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: "მნიშვნელოვანია, რომ ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა საქართველოს"

12/05/2023 16:48:29 პოლიტიკა

საქართველოს პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ დაუყოვნებლივ გადაყვანის მიზნით, ევროსასამართლოს მიერ დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებით გამოეხმაურა.

ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანას არ მიადგა რეპუტაციული ზიანი იმ დროს, როდესაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება.

„მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, არ დათანხმებულიყო გადაუდებლად ყოფილი პრეზიდენტის უცხო ქვეყნის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას.

მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებით ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა საქართველოს, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც განიხილება საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

ამავე დროს, მიმაჩნია, რომ აუცილებელია, მომავალშიც უზრუნველყოფილი იყოს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება", - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 12 მაისს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.

სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ეს არ არის სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება. მისი განმარტებით, დაცვის მხარემ სარჩელის განხილვამდე გამოიყენა ყველა პროცედურული ბერკეტი.

„მინდა, გარკვეული ბუნდოვანება გავფანტო, რომელიც არსებობს ამ პასუხთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებამ, იუსტიციის სამინისტრომ შექმნა დღევანდელი ბრიფინგით.

ეს არ გახლავთ ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმეზე. მისი ძირითადი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს სასამართლო არსებითად განიხილავს. ეს გახლდათ პროცედურული, დროებითი ღონისძიება, სარჩელის განხილვამდე, სააკაშვილის გადაყვანის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება. დაცვის მხარემ, ბუნებრივია, პროცესის დაწყებამდე სცადა და გამოიყენა ყველა, თუნდაც ის ძალიან მცირე და თეორიული ბერკეტები, რომლის საშუალებასაც იძლეოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და სასამართლოს მუშაობის წესები. ე.წ. დროებითი ღონისძიება, სწორედ, ამგვარი მექანიზმი იყო. ამ პროცედურულ საკითხზე ევროპულმა სასამართლომ არ დაავალა საქართველოს მთავრობას სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანა ვარშავაში", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ და დასძინა, "ჩვენი მოთხოვნა საქმის არცერთ ეტაპზე არ ყოფილა მესამე პრეზიდენტის საქართველოს სხვა კლინიკაში გადაყვანა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S